logo_geo
eng_logo
გია მურღულია: ფაქტის სწავლება ადვილია, მაგრამ ფიქრის სწავლება - ძნელი
- +

16 ნოემბერი. 2016. 01:18



ექსპერტმა განათლების საკითხებში, გია მურღულიამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მურღულიამ განაცხადა, თუ დაფინასება არ გაიზარდა, წარმოუდგენელია, სკოლის განვითარებაზე ვიფიქროთ. მურღულია ასევე შეეხო მასწავლებლების კვალიფიკაციის საკითხს და აღნიშნა, რომ დაბალი კვალიფიკაცია ნებისმიერი სკოლის უსერიოზულესი პრობლემაა.


„დღევანდელი დაფინანსება სკოლის კვლავწარმოებას ჰყოფნის და არ ჰყოფნის  ინოვაციური აზრის დაფინანსებას და განვითარებას. ამიტომ, თუ სკოლის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, დაფინანსება სერიოზულად უნდა გაიზარდოს. მაქვს განცდა, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, რომელსაც ბავშვების აღზრდა და განათლება შეუძლია, სკოლის მიღმა დგას და სკოლისკენ არც იმზირება, რადგან სკოლაში მუშაობა პრესტიჟულად არ ითვლება. ვითარების გასაუმჯობესებლად ძალიან სერიოზული ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ჯერჯერობით, ეს ამინდს ვერ ქმნის, რომ ადამიანებმა სკოლაში მუშაობასთან დაკავშირებით შეხედულება შეიცვალონ.

 

საზოგადოებამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს, ყველაფერს სახელი დაარქვას და მერე ვილაპარაკოთ,  პრობლემის გადაწყვეტა რამდენ ხანში შეიძლება. ენის მოჩლექვით ლაპარაკი ბავშვთანაც კი არ შეიძლება, არათუ - მასწავლებელთან და რაც გვჭირს, ხმამაღლა უნდა ვთქვათ. ჩვენ ვქმნით ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმებს, რაც მასწავლებლებს სულ სხვა ამოცანების წინაშე აყენებს, მასწავლებელთა კორპუსი კი ისეთივეა, როგორიც იყო. თავი არავინ მოიტყუოს, რომ ეს მცირე გადამზადებები  სერიოზულ წინსვლას განაპირობებს. კარგად მუშაობს მასწავლებელთა სახლი, რომელიც პედაგოგებს კარგ პროგრამებს სთავაზობს, მაგრამ ჯერ ერთი, მისი გამტარუნარიანობა ძალიან მცირეა. მეორე მხრივ, მასწავლებელთა მოტივაცია ძალიან დაბალია და ყველა, ვინც ტრენინგს გაივლის, მეორე დღეს ხარისხიანი მუშაობისთვის მზად არ არის", - განაცხადა მურღულიამ.


მისი თქმით, პროფესიული განვითარების თვალსაზრისით და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელებისთვის პედაგოგთა კორპუსის მხოლოდ ერთი ნაწილია მზად.


„ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს. ფაქტის სწავლება ადვილია, მაგრამ ფიქრის სწავლება - ძნელი. ფიქრის მასწავლებელი იმაზე ცოტა გვყავს, ვიდრე ეს საჭიროა. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, მასწავლებლებს იმდენი ჩარჩოსისტემა შეუქმნეს, იმდენი ატრენინგეს და უთხრეს, რომ ეს ასე უნდა ქნან, ის კი ისე, მათ თავისუფალი და შემოქმედებითი ფიქრისთვის ნაკლები დრო დარჩათ. ისეთი განცდა მაქვს, რომ პედაგოგიური აზრი დაიშტამპა და ყველა ერთნაირად იქცევა. ჩვენ გვყავს შესანიშნავი მასწავლებლები, რომლებიც თავისუფლების ფეიერვერკს აჩვენებენ ხოლმე, მაგრამ ისინი იმდენად ბევრნი არ არიან, რამდენიც საჭიროა", - განაცხადა მურღულიამ.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner