აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კუბაში ისტორიული ვიზიტი დაიწყო. ეს არის აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი კუბაში ბოლო 88 წლის განმავლობაში.
პრეზიდენტთან ერთად კუბაში ასევე იმყოფება სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, კონგრესმენები „რესპუბლიკელებიდან", რომლებიც კუბასთან დიალოგის გაფართოების მომხრენი არიან და ამერიკელი ბიზნესმენები.
ვიზიტის ფარგლებში ობამა კუბის პრეზიდენტს რაულ კასტროს შეხვდება და ქვეყანაში მიმდინარე სავაჭრო და პოლიტიკურ რეფორმებს განიხილავს. დაგეგმილია მოლაპარაკება კუბელ დისიდენტებთანაც. ჰავანაში ბარაქ ობამა მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად ორ დღეს დარჩება.
დასავლური მედიის თანახმად, ობამას ვიზიტის დაწყებამდე კუბაში 200-ზე მეტი ოპოზიციონერი დააკავეს, რომლებმაც პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს.
აშშ-მ და კუბის რესპუბლიკამ დიპლომატიური ურთიერთობა 1961 წელს, ცივი ომის პერიოდში გაწყვიტეს.
აშშ-ის ბოლო პრეზიდენტი, რომელიც კუბას ეწვია, კელვინ კულიჯი იყო, რომელიც იქ 1928 წელს ჩავიდა.