თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავცრელებს, სადაც ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მაღალ თანამდებობებზე სერგო ნინუასა და გიორგი ცაბაძის დანიშვნის გადაწყვეტილებაზე მოკვლევა დაიწყო.
მათივე ინფორმაციით, დეტალები მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„გენერალურმა ინსპექციამ უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი ამ ფაქტს რეალურად, რადგან დასახელებული პირები წლებია თავდაცვის სამინისტროს უწყებაში მსახურობენ", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
გავრცელებული ინფორმაციით, სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ წინა წლებში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ნინუა და ცაბაძე კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. მედიის ინფორმაციით, კონსტიტუციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს და სხვა მხედართმთავრებს მთავრობასთან შეთანხმებით საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა ამ შემთხვევაში ნინუასა და ცაბაძის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანება თავდაცვის მინისტრის მიერაა გამოცემული.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილის განცხადებით, მინისტრს აქვს უფლებამოსილება, საგამონაკლისო წესით თანამდებობაზე დანიშნოს პიროვნება.
რაც შეეხება უშუალოდ ნინუასა და ცაბაძის დანიშვნის მოტივს, გელაშვილის თქმით, მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ ნინუასა და ცაბაძის ხედვა ემთხვევა გენშტაბის ხედვებს.
ნინუასა და ცაბაძეს პოლიტიკურ ზეწოლაშიც ადანაშაულებენ. შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერმა ამ საკითხზე სპეციალური ვიდეომიმართვაც გაავრცელა.
რამდენიმე თვის წინ გათავისუფლებული დავით ნემსაძე ამტკიცებს, რომ სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე არიან „ნაციონალური მოძრაობის" კადრები, რომლებიც გამოირჩეოდნენ შეურაცხმყოფელი მოქმედებებით პირადი შემადგენლობის მიმართ.