„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი „ალიასთან" ინტერვიუში ინტერნეტში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე და იმ ანონსზე საუბრობს, რომელშიც სხვა პირებთან ერთად თავდაცვის მინისტრსაც ემუქრებიან, რომ თუ თანამდებობას და ქვეყანას არ დატოვებს, კადრებს გამოუქვეყნებენ. ინაშვილის თქმით, ეს კადრები რომ გავრცელდეს, იმ შემთხვევაში უფრო ვერ დაატოვინებენ თინა ხიდაშელს თანამდებობას, რადგან მისი თქმით, ამ კადრების გავრცელებაში თავისებური დაცვის მექანიზმი არსებობს, რომ მან შეინარჩუნოს თავდაცვის მინისტრის პოსტი.
„არავინ იცის, გავრცელდება თუ არა დაანონსებულ პირებზე კადრები, ან ბუნებაში არსებობს თუ არა ეს კადრები. უბრალოდ, საზოგადოებამ ნახა ანონსი და დასახელებული გვარები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი, მაგრამ მე მეტს გეტყვით, ვფიქრობ, ეს კადრები რომ გავრცელდეს, იმ შემთხვევაში უფრო ვერ დაატოვინებენ თინა ხიდაშელს თანამდებობას, ამ კადრების გავრცელებაში თავისებური დაცვის მექანიზმი არსებობს, რომ მან შეინარჩუნოს თავდაცვის მინისტრის პოსტი".
ინაშვილი ასევე ამბობს, რომ ამ კადრების გავრცელებით იყო დასახული, რომ ხალხი გაბრაზებულიყო ხელისუფლებაზე.
„ამ ყველაფერში ძალიან ბევრი მზაკვრობა და ხაფანგია ჩადებული დღევანდელი ხელისუფლებისთვის... და კიდევ ერთი მზაკვრობა, რაც ამ კადრების გავრცელებით იყო დასახული, გახლავთ ის, რომ ხალხი გაბრაზებულიყო ხელისუფლებაზე. ამ კადრების გამავრცელებელმა მიზანს ნამდვილად მიაღწია, ხალხი უკიდურესად აღშფოთდა და გაბრაზდა დღევანდელ ხელისუფლებაზე, ეს ხელისუფლება ამაზე უარესის ღირსია. ღირსია იმიტომ, რომ ფარული ჩანაწერების ორგანიზატორები და ამ კადრების გადამღებები დღემდე არიან ძალოვან სტრუქტურებში. ეს ხალხი არავის დაუსჯია ჩადენილი დანაშაულისთვის. სწორედ, რესპუბლიკური პარტიის ლობიზმით გამოცხადდა კოჰაბიტაცია, რის ნაყოფსაც დღეს ვიმკით. ამ კოჰაბიტაციის ნაყოფია სინამდვილეში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება", - განაცხადა ინაშვილმა.