ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამბოში, საქართველოს ნაკრების წევრებმა წარმატებულად იჭიდავეს და ჯამში 9 მედალი - 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი რუსეთის შემდეგ მე-2 ადგილი დაიკავეს.
ბულგარეთიდან დაბრუნების შემდეგ, წარმატებულ სამბისტებს, ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
მსოფლიო ჩემპიონები პაატა ღვინიაშვილი (90 კგ) და ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ) გახდნენ. აღსანიშნავია, რომ 25 წლის ჩიდრაშვილმა მსოფლიო ჩემპიონობა მეოთხედ მოიპოვა და ამ შედეგით ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სამბისტი გახდა, პაატა ღვინიაშვილმა კი მსოფლიო ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა.
ბულგარეთში ვიცე-ჩემპიონები გახდნენ ლევან ნახუცრიშვილი (74 კგ) და ნიკოლოზ კუცია (82 კგ), ბრინჯაოს პრიზიორები ზვიად ოდოშაშვილი (62 კგ), დავით ლორიაშვილი (100 კგ ) და ბექა ბერძენიშვილი (+ 100), ქალთა შორის კი ნინო ოძელაშვილი (72 კგ) და ელენე ქებაძე (+ 80 კგ).