ავტორი ალა გრიგალაშვილი
ეკონომისტი პაატა შეშელიძე ლარის გამყარებასთან დაკავშირებით მთავრობასა და ეროვნულ ბანკს რეკომენდაციებს აძლევს:
„პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას ეროვნული ბანკის მხრიდან, ესაა ნებისმიერი რეფინანსირების სესხის გაცემა, აღარ უნდა გაიზარდოს ფულის მასა ეროვნული ბანკის მხრიდან. გარდა ამისა, უნდა გათანაბრდეს და გაიზარდოს განაკვეთები ლარზე, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ფულის მასის მიწოდება იქნეს შეზღუდული და ბოლოს, ეროვნულმა ბანკმა უნდა განაცხადოს, რომ ის აქტიურად ჩაერევა და არ დაუშვებს ფულის შემდგომ გაუფასურებას რეზერვების ხარჯვის გზით.
მთავრობის მხრიდან უნდა გაკეთდეს ის, რომ აღარ აიღოს სესხები, შეკვეცოს დღესვე ბიუჯეტი. უნდა შეჩერდეს და შეწყდეს ყველა ის პროექტი, რომელიც გულისხმობს სუბსიდიას და ფინანსურ რეურსებზე იაფ ხელმისაწვდომობას.
და ბოლოს, იმისთვის, რომ ლარად რამის შესყიდვა იყოს შესაძლებელი, პრივატიზება უნდა დაჩქარდეს, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო მიწებზე.
ეს არის მინიმალური პაკეტი, რომელიც ერთი ხელის მოსმით შეიძლება გაკეთდეს, თუ ეს გადაწყვეტილებები მირებული იქნებოდა დღესვე, კვირის ბოლოს უკვე შედეგს დავინახავდით", - განაცხადა შეშელიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში.