17 ნოემბერს, 11:00 საათზე, „ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში საბავშვო წიგნის ილუსტრაციისა და წიგნის ხელოვნების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი „თბილისის წიგნის დღეები" გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.
17-20 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, წიგნის ხელოვნების ცენტრისა და „ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით, „ექსპო ჯორჯიას" მე-4, მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონები „თბილისის წიგნის დღეებს" უმასპინძლებს. ტრადიციულ წიგნის ბაზრობასთან ერთად, მეოთხე და მეხუთე პავილიონებში ილუსტრაციის, სურათებიანი წიგნისა და ფოტო-არტ წიგნის საერთაშორისო გამოფენები მოეწყობა.
წიგნის დღეების ფარგლებში, მოეწყობა ორი ყველაზე პრესტიჟული კონკურსის გამოფენა: „ბოლონიის ილუსტრატორთა გამოფენა" და „ნამის კუნძულის საერთაშორისო გამოფენა"; წარმოდგენილი იქნება ბოლონიის საბავშვო წიგნის პრემიისთვის შერჩეული საუკეთესო წიგნებიც.
„თბილისის წიგნის დღეები" ასევე მასპინძლობს „ქართული ხალხური ზღაპრის ილუსტრაციის გამოფენას", თითოეული ნამუშევარი „ქართული ზღაპრის ანთოლოგიაში" შევა და მას წამყვანი შვეიცარული გამომცემლობა „Nord Süd", წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, გერმანულენოვანი ბაზრისთვის, 2017 წელს გამოსცემს.
ფესტივალის ფარგლებში, დამთვალიერებელი წელს დაარსებული, უკრაინულ-ქართული ფოტოწიგნის კონკურსის ნამუშევრებსაც იხილავს, ასევე არტ წიგნების გამოფენას ბულგარეთიდან და უკრაინიდან. წლევანდელ გამოფენაზე 50-მდე მონაწილე იქნება წარმოდგენილი.
„თბილისის წიგნის დღეები 2016"-ის პარტნიორები და მხარდამჭერები: კულტურის სამინისტრო, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, ბულგარეთის საელჩო, იტალიის საელჩო, ასოციაცია „არტ კავკასია", ბოლონიის წიგნების ბაზრობა, ნამის საბავშვო ილუსტრაციების ფესტივალი (კორეა), უკრაინის ფოტოალტერნატივა.