logo_geo
eng_logo
„ცოცხალი წიგნები“ ქართველ ჯარისკაცებთან შეხვედრებს აახლებს
- +

16 ნოემბერი. 2016. 19:21


16 ნოემბრიდან, „ცოცხალი წიგნები" აახლებს შეხვედრებს ქართველ ჯარისკაცებთან. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე ქართველი მწერლები: ბექა ახალაია, შაკო ბაკურაძე, ნინი ელიაშვილი და ლევან ლორია, პროექტის კოორდინატორთან, პოეტ მარიამ წიკლაურთან ერთად კოჯორში, ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვევიან და ჯარისკაცებს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ. მემორანდუმი, რომელიც სამხედრო ნაწილებში გრძელვადიანი პროექტის „ცოცხალი წიგნები ჯარში" განხორციელებას გულისხმობს, კულტურის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2015 წელს გაფორმდა. თანამედროვე ქართველი მწერლები უკვე არაერთ საჯარისო ნაწილს ესტუმრნენ, სადაც მრავალი ლიტერატურული შეხვედრა გამართეს.



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის პროექტი „ცოცხალი წიგნები" 2015 წლიდან თანამშრომლობს ასევე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან.


მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების" მონაწილე მწერლებს მასპინძლობს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით აცნობენ.



21 ნოემბერს, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა ბათუმელი პოეტების ჯგუფს - „ა ბ გ დ" დაეთმობა. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: როი აბუსელიძე, აჩი ბერიძე, გიორგი გაბაიძე, გენრი დოლიძე.



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უპრეცედენტოდ მასშტაბური ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები" 2015 წლის 14 აპრილს, „დედაენის დღეს'' დაიწყო. პროექტი, რომელშიც თავდაპირველად, 75 მწერალი იყო ჩართული, 4 ეტაპად განხორციელდა და გულისხმობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.



პროექტმა დროთა განმავლობაში უფრო მასშტაბური სახე მიიღო, - შეხვედრები გაიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და სამხედრო ნაწილებში. მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ, მკითხველი მწერლის შემოქმედებას ახალი ფორმით, მონო - სპექტაკლის სახით ეცნობა. პროექტის „ცოცხალი წიგნები" მსვლელობისას, მწერლები აწარმოებენ დღიურებს და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ, წიგნი „მწერლის დღიურები" გამოიცემა.



პროექტის ავტორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, პროექტის კურატორი - მარიამ წიკლაური.



2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი „ცოცხალი წიგნები" საზოგოდოებრივი მაუწყებლის ჯილდოს „წლის საუკეთესო მოვლენა ლიტერატურის დარგში" მფლობელი გახდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner