ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ORF) რადიო არხი - „Österreich 1" 12 ნოემბრიდან მსმენელს საქართველოს შესახებ გადაცემათა ციკლს „საქართველო - მეზობლად" სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ რადიო-პროექტი, რომელიც 55 გადაცემას მოიცავს, ერთი კვირის განმავლობაში გადაიცემა რადიოს პირდაპირ ეთერში. 12 ნოემბრიდან 19 ნოემბრამდე ყოველი დღის საეთერო ბადეში საქართველოს ხუთიდან თერთმეტამდე გადაცემა ეძღვნება, ისინი თემატურად არის გადანაწილებული შემდეგ რუბრიკებში: საზოგადოება, მუსიკა, რელიგია, კულტურა და მეცნიერება.
რადიო გადაცემათა ციკლი სახელწოდებით: „საქართველო - მეზობლად" (Nebenan: Georgien) საქართველოში ვიზიტის საფუძველზეა მომზადებული. აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში საქართველოს საელჩოს აქტიური მხარდაჭერით, რადიო არხის შემოქმედებითი ჯგუფი მიმდინარე წლის 16-20 ოქტომბერს საქართველოში იმყოფებოდა გადაცემების მოსამზადებლად.
გადაცემების მოსმენა შესაძლებელია რადიოს ინტერნეტ მისამართზე:
http://oe1.orf.at/themen/more/nebenan/programm_past