logo_geo
eng_logo
„ჭინჭის“ ბურთის დევნა ბორის პაიჭაძის გვერდით...
- +

21 მარტი. 2016. 12:53


კულტურულ წარსულს რომ მოვლა-პატრონობა სჭირდება, არახალია, ეს დღეს გასაკეთებელი და საშური საქმეა, რადგან ისტორიის ფოლიანტები ძველდება, ხოლო ამ ამბების შემსწრეთა რაოდენობა, მიზეზთა გამო, იკლებს.



ბევრი გამოუკვლევი და საჩხრეკია ქართული სპორტის ისტორიაშიც და სამწუხაროდ, სერიოზულ-მეცნიერულ დონეზე მუშაობა ამ კუთხით თითქმის არ მიმდინარეობს. ამის პრეტენზია არც ამ წერილს გააჩნია, უბრალოდ, შემთხვევით, გარემოებათა თანხვედრის წყალობით ჩემთან მოხვდა იშვიათი მასალა, რომელიც ვფიქრობ, სპორტისა და კერძოდ, ფეხბურთის მოყვარულებს დააინტერესებს.



ორიოდ დღის წინ რედაქციაში მესტუმრა ძველი მეგობარი, ანსამბლ „ქართული ხმების" სოლისტი დათო აბესაძე, ბიძაშვილ ერეკლე აბესაძესთან ერთად და დროისგან გახუნებული ძველი გაზეთები და ფოტოსურათები მომიტანა, სადაც დათოს ბიძა და ერეკლეს მამა ავთანდილ აბესაძე თასით ხელშია აღბეჭდილი.



ჩვენი საუბრის გადმოცემით არ დაგღლით და პირდაპირ ამბავს მოგითხრობთ:



1950 წლის 15-24 აგვისტოს ქალაქ ვორონეჟში გაიმართა ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდებს შორის საბჭოთა კავშირის თასის მეხუთე გათამაშების საფინალო შეხვედრები, სადაც მონაწილეობდნენ უკრაინის, საქართველოს, უზბეკეთის რესპუბლიკების, მოსკოვისა და ლენინგრადის ნაკრებები. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში თამაშობდნენ: ავთანდილ აბესაძე (კაპიტანი), გურამ ჭელიძე, ოთარ ნანავა, კარლო კილაძე, გურამ ჭკადუა, თამაზ ჯანელიძე, ქართლოს ძაძამია, ლავროსი დოლიძე, თენგიზ მიქაძე, ალექსი კოტრიკაძე, ვლადიმერ ფანიაშვილი, მურმან რატიანი, იაკობ აფხაზავა, რაჩიკ ხაჩიკიანი და თენგიზ გოჩელაშვილი. 18 აგვისტოს ქართველმა ჭაბუკებმა ლიტველები დაამარცხეს 4:3. 20-ში მოსკოვის ნაკრებთან ფრედ 2:2 ითამაშეს, ხოლო 22 აგვისტოს ლენინგრადის გუნდს მოუგეს 2:0.

 

 

ახლა გთავაზობთ ამონარიდს გაზეთ „ლელოს" 1950 წლის 30 აგვისტოს ნომრიდან:

 

 

- „შეჯიბრების უკანასკნელ დღეს, 22 აგვისტოს, გაირკვა, რომ მოსკოვისა და საქართველოს ფეხბურთელებს მოგროვილი ჰქონდათ ხუთ-ხუთი ქულა. ამიტომ დაინიშნა ამ გუნდების დამატებითი შეხვედრა, რომელიც 24 აგვისტოს  შედგა. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა დამსახურებულად მოიპოვეს გამარჯვება ანგარიშით 2:0. ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდებს შორის გამარჯვებულ საქართველოს ნაკრებს გადაეცა საბჭოთა კავშირის თასი".

 

 

რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ იმ დონის გამარჯვება, მის გამო დაფდაფებს რომ შემოვკრათ, მაგრამ ქართული ფეხბურთის ისტორიისთვის, მონაწილეთა შთამომავლებისთვის კი უდავოდ ფასდაუდებელია. იქნებ ვინმემ თავისი წინაპარიც იცნოს, სასიამოვნოც არის და საამაყოც.

 

 

ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად საქართველოს ნაკრების კაპიტანი ავთანდილ აბესაძე დასახელდა და სპეციალური თასითაც დააჯილდოვეს. უნდა აღინიშნოს, რომ გუნდი მთლიანად 35-ე საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელებით იყო დაკომპლექტებული, რომელიც იმ ხანად ქვეყნის საუკეთესო გუნდის, თბილისის „დინამოს" რეგულარულად ამარაგებდა ფეხბურთელებით, რომელთა ჩამოთვლა წერილის ფორმატის გამო წარმოუდგენელია.

 

 

სწორედ ეს გზა გაიარა ჭაბუკმა ავთანდილ აბესაძემაც 35-ე სკოლიდან თბილისის „დინამოს" ოსტატთა გუნდში, სადაც იმ პერიოდში გენიალური ქართველი ბორის პაიჭაძე ბრწყინავდა. სამწუხაროდ, ავთანდილ აბესაძის სპორტული კარიერა მალევე დასრულდა, დასრულდა ცოტა კომიკურ ვითარებაში - ბებიის, ქრისტინე წულუკიძის კატეგორიულ პროტესტს ოჯახში ვერავინ შეეწინააღმდეგა: „ჭინჭის ბურთის დევნას, აჯობებს, წიგნებს ჩაუჯდეს და სწავლას მიხედოსო". ბატონ ავთანდილს კი მთელი ცხოვრება სატრაბახოდ ჰქონდა, რომ თითქმის ერთი წელი თბილისის „დინამოში" ბორის პაიჭაძისა და სხვა დიდებული ფეხბურთელების გვერდით თამაშის პატივი ხვდა წილად.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner