logo_geo
eng_logo
თბილისში ფართომასშტაბიანი ფორუმი - „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის“ გაიართება
- +

16 ნოემბერი. 2016. 21:09



2016 წლის 8-9 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ეგიდით, თბილისი ფართომასშტაბიან ფორუმს სახელწოდებით „კულტურა და შემოქმედებითობა ინოვაციისა და განვითარებისათვის" უმასპინძლებს.


ფორუმის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ, ამასთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების, პოლიტიკის განმსაზღვრელი პირების, შემოქმედებითი სექტორისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირება.


ფორუმის ფარგლებში, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარებენ სექტორის განვითარების ძირითად ტენდენციებსა და წარმატებულ გამოცდილებას. მოეწყობა პრეზენტაციები, სემინარები და დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების და ახალი ტექნოლოგიების როლი კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში, ადგილობრივი და რეგიონული პოლიტიკის განვითარების ინიციატივები, "შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების გზამკვლევი საქართველოში", კულტურული და ისტორიული ძეგლების როლი და სხვ.


ფორუმის ფარგლებში იგეგმება აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვას, ბელარუსისა და საქართველოს დელეგაციათა ხელმძღვანელების მიერ „აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების თბილისის მანიფესტის" მიღება, რაც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას შორის რეგიონულ თანამშრომლობას.


ფორუმის გამართვამდე, 7 დეკემბერს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგება სამუშაო შეხვედრა თემაზე - „გზამკვლევი შემოქმედებითი საქართველოსთვის: რეკომენდაციები კულტურისა და შემოქმედებითი სექტორისათვის". შეხვედრაზე ექსპერტთა 6 ჯგუფი წარმოადგენს ქვეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისათვის საჭირო რეკომენდაციებს ქვესექტორების მიხედვით.


ფორუმის დასრულების შემდეგ კი, 10 დეკემბერს, სტუდენტებისთვის გაიმართება ღონისძიება TeamLAB Georgia 2016. ინტერდისციპლინური ბიზნესის განვითარების სემინარის მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს ხელოვნების, დიზაინის, ახალი ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტთა შემოქმედებითი ძალისხმევა და ცოდნა.


ფორუმის ორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა; მხარდამჭერები - თბილისის მერია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკი.


ფორუმზე მოწვეულნი არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მინისტრები ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, ექსპერტები და სპიკერები ევროპიდან, კულტურის პროფესიონალები, განათლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები სახელმწიფო სტრუქტურებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.


ფორუმი გაიმართება ტექნოპარკში, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში, რომელიც 2016 წლის იანვრიდან ფუნქციონირებს.


ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამა მხარს უჭერს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას და მათი კონტრიბუციის გაზრდას აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სოციო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ განვითარებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner