logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: არ ვიმჩნევ, მაგრამ მაინც ძალიან მიჭირს...
- +

17 ნოემბერი. 2016. 03:22


 

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ვინც კი მიცნობს, ყველამ იცის, რომ სულ მთას გავიძახი, ნახევრად თიანელი ვარ და აგარაკიც კი თიანეთში ვიყიდე. წლების განმავლობაში იქ ერთ ბიძასთან ვმეგობრობდი და ვნათესაობდი, მიუხედავად იმისა, რომ თიანეთში საბიძაშვილოც მყავს; გურამი ერქვა ბიძაჩემს, გუცაევს ვეძახდით, ცნობილ ფეხბურთელთან გარეგნობით მსგავსების გამო.

 

ერთი მთიელი, დედით ფშაველი კაცი იყო, ნაკლებად ემოციური, თითქოს სითბოს გამოხატვაც არ შეეძლო, ტკბილ სიტყვას არ გეტყოდა, არ შეგაქებდა, არ მოგეფერებოდა, მაგრამ ამ ადამიანის სახლში ვგრძნობდი თავს მის შვილადაც და ძმობილადაც, სტუმრად იქ არ მიგრძვნია თავი და ამ თითქოს უემოციო ფშაველის თვალებშიც ყოველთვის ვხედავდი სითბოსა და სიყვარულსაც, თანადგომასაც.

 

წლების განმავლობაში ამ ადამიანთან მივდიოდი ხოლმე, ვრჩებოდი, ვრჩებოდი დღეები, კვირებიც, თვეებიც დავრჩენილვარ, დავრჩენილვარ ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდებში, როცა შინაგანად მიჭირდა, ზედმეტად არ დავილაპარაკებდით, მეტყოდა, საჭმელიც იცი სად დევს, არაყიც, ვინც გინდა მოიყვანე ძმაკაცი, ჩამოიყვანე, დადექი და მიხედე უჩვენოდო.

 

ბავშვობიდან მოყოლებული, როგორც კი წამოვიზარდე, ბებია-ბაბუას სახლის ნაცვლად ბიძაჩემთან გამირბოდა გული, ისიც და ბიცოლაჩემიც ჩემი იქაური ფავორიტები იყვნენ. ისე ხდებოდა, რომ ნათესავებიდან ამ ადამიანის მიმართ ალბათ ყველაზე მეტი სიყვარული მე მქონდა, სიახლოვეც ურთიერთობაში, მისკენ სირბილიც.

 

წლების წინ, როდესაც ერწოში ჩემთვის მიწა შევიძინე და სახლი ჩავდგი, თიანეთში არბენა და ჩასვლა მხოლოდ ამ ადამიანთან იყო დაკავშირებული, ბიძაჩემი მელოდებოდა, უნდა მენახა, მომეკითხა...

 

ვაჟკაცი კაცი იყო, ძველი მონადირე, ახლაც მისი სახლის სხვენში "ტელეგრეიკები" და საძილეებია დაყრილი, მეთევზეც იყო , ფშავ-ხევსურეთ ფეხით დადიოდა ხოლმე, ბორბალოს ამბებს მიყვებოდა, ჩუმი, უწყინარი, გამოუხატველი, მაგრამ ჩემს იქაურ ნათესავებში ყველაზე გამორჩეული ჩემთვის, საუკეთესო და ახლობელი.

 

ბოლოს, ზაფხულში ვნახე, არ ვიმჩნევდი რომ ვიცოდი მისი ჯანმრთელობის ამბავი, ფილტვის სიმსივნე, თავად არც იცოდა, ვისაუბრეთ, ძალიან გამიჭირდა გამოსვლა მისგან, ვიცოდი რომ საბოლოოდ ვნახულობდი ცოცხალს, გამოსვლის წინ ძალიან ჩავეხუტე, კიდეც გაუკვირდა, რადგან ასეთი ემოციების გამოხატვა არ მახასიათებდა ხოლმე მაინცდამაინც... ლაპარაკით კი სიკვდილამდე ორი დღით ადრე ვესაუბრე ტელეფონში, უკვე ძლივს სუნთქავდა, მაგრამ მაინც მგულშემატკივრობდა...

 

ხვალ, ბიძაჩემის დასაფლავებაა... ჩემი ბავშვობის აკვანის - თიანეთის ჩემთვის უკანასკნელი მოჰიკანის.

 

არ ვიმჩნევ, მაგრამ მაინც ძალიან მიჭირს - ჩემ გამორჩეულ ბიძა-ძმაკაცთან დამშვიდობება",- წერს გამზარდია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner