logo_geo
eng_logo
სტრასბურგის სასამართლო რუსეთ-საქართველოს ომის საქმისადმი მიდგომებს არ ცვლის
- +

17 ნოემბერი. 2016. 11:11



რუსეთის მხრიდან რომის სტატუტზე უარის თქმა 2008 წლის ომის საქმის გამოძიებაზე არ იმოქმედებს. ამის შესახებ „პირველის" კითხვაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ პასუხშია ნათქვამი.


„პირველს" სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საზოგადოებრივი საქმეთა განყოფილებიდან ოთხშაბათს აცნობეს, რომ რომის სტატუტის წევრობა ნებაყოფლობითი და სუვერენული გადაწყვეტილებაა, რომელიც ყველა სახელმწიფოს პრეროგატივაა.


რუსეთმა რომის სტატუტს ხელი 2000 წელს მოაწერა, თუმცა, არ მოახდინა მისი რატიფიცირება და იგი არ არის რომის სტატუტის მონაწილე. დღევანდელი განცხადებით მდგომარეობა არ შეცვლილა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პატივს სცემს თითოეული სახელმწიფოს სუვერენიტეტს. საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის აუცილებელია, რათა მან (სასამართლომ) შეასრულოს თავისი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მანდატი გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულების განმახორციელებლების დაუსჯელობის დასრულებაში დახმარების, ამგვარი დანაშაულის მსხვერპლთა სამართლიანობის უზრუნველყოფისა და შესაძლო ძალადობის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით",- აცხადებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, რუსეთი საერთაშორისო სასამართლოში რომის სტატუტზე უარს აცხადებს. ამის შესახებ რუსული მედია კრემლის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ინიციატივა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის და გადაწყვეტილება ქვეყნის შს უწყებას, უმაღლეს სასამართლოსა და პროკურატურასთან არის შეთანხმებული. როგორც რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რუსეთს არ შეიძლება არ ანაღვლებდეს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიდგომა და პოზიცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით.



საქართველოს თავდასხმამ მშვიდობიან ცხინვალზე, რუსი სამშვიდობოების მკვლელობამ სასამართლოს გაუღვივა სურვილი, ბრალი დასდოს სამხრეთ ოსეთის მეამბოხეებს და რუსეთის სამხედროებს, ხოლო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროინდელი საქართველოს ხელისუფლების ქმედებები გამოსაძებლად ქართულ სამართლებრივ სივრცეშია და საერთაშორისო სისხლის სამართლის ყურადღების მიღმა რჩება",- ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაში.


რუსეთის ფედერაციის აღნიშნულ განცხადებას ოფიციალური თბილის გამოეხმაურა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, რომ რუსეთის აღნიშნული გადაწყვეტილება ამ საქმის გამოძიების დამაბრკოლებელი ფაქტორი არც იყო და ვერც გახდება, ვინაიდან საქართველო არის რომის სტატუტის მხარე და შესაბამისად, საერთაშორისო სისხლის სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება 2008 წლის ომის დროს საქართველოში, სავარაუდოდ მომხდარ სტატუტით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.



ჰააგის პროკურორი ფატუ ბენსუდა, რომელიც აღნიშნულ საქმეს იძიებს, საქართველოში 2015 წლის 15 ოქტომბერს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი, შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად ჩავიდა. პროკურორი ვარაუდობს, რომ 2008 წელს ქვეყანაში სამხედრო დანაშაულია ჩადენილი. ჰააგის პროკურორი საომარი მოქმედებების დროს საქართველოში არსებულ ვითარებას შვიდი წლის განმავლობაში სწავლობდა. პროკურორი რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილ დანაშაულებად ეთნიკური ქართველების სამხრეთ ოსეთიდან განდევნას, „მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებსა და მათ ობიექტებზე თავდასხმას" მიიჩნევს.



ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე 33 მოწმე დაკითხა. მოწმეთა დაკითხვა სტრასბურგში 2016 წლის 6 ივნისიდან 17 ივნისამდე მიმდინარეობდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განაგრძობს საქმის განხილვას, რომელიც 2008 წლის 1 ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბერის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.



რომის სტატუტი გაერო-ს ეგიდით ჩატარებულ დიპლომატიურ კონფერენციაზე 1998 წლის 17 ივლისს, რომში მიიღეს. რუსეთმა აღნიშნულ შეთანხმებას ხელი 2000 წლის 13 სექტემბერს მოაწერა. რომის სტატუტი, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი სამოქმედო დოკუმენტია. რუსეთის მიერ დოკუმენტი ამ დრომდე არ იყო რატიფიცირებული. აქედან გამომდინარე, რუსეთზე, ისევე როგორც აშშ-ზე, იაპონია, უკრაინასა და სხვა ქვეყნებზე, საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია არ ვრცელდება.



სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ოფიციალურ მუშაობას ჰააგაში, 2002 წელს შეუდგა და პირველი მუდმივმოქმედი სასამართლო გახდა. 2016 წლის 27 იანვარს საერთაშორისო სისხლის სასამართლოს წინასასამართლო პალატამ მიიღო გადაწყვეტილება საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურირის მიმართვის საფუძველზე, რომ დაიწყოს გამოძიება ცხინვალის რეგიონში საქართველო და მის ირგვლივ 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner