საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პრაღის მოლაპარაკებების შემდეგ ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, გაბრაზება ძლიერების თვისება არ არის.
„ჩვენი წინაპარი ყოველთვის იმით სჯობდა ძლიერ მოწინააღმდეგეებს, რომ ბრძენი იყო. ის, რომ კარასინი ბრაზობს და აბაშიძე აკადემიურად იქცევა, ჩემთვის ნიშნავს, რომ აბაშიძე უფრო მაღალი დონის პოლიტიკოსი და დიპლომატია. ჩვენ მიგვაჩვიეს იმას, რომ მსხვერპლი ქვეყნის წარმომადგენელი უნდა იგინებოდეს, იფურთხებოდეს და მუშტებს იქნევდეს. დღეის მდგომარეობით, განვიცდით ოკუპაციის საშინელ შედეგებს, ყოველდღე ვხედავთ, როგორ მიდის ბორდერიზაციის პროცესი, როგორ ცდილობენ, დააშორონ ოსი და ქართველი ხალხი ერთმანეთს მავთულხლართებით, მაგრამ მოთმინება და სიბრძნე ჯობია, ვიდრე ის, რომ აბაშიძე წავაქეზოთ, რომ კარასინი რამეს როცა იტყვის გაბრაზებული, ორი იმდენი უთხრას. ასე უკვე გვაცხოვრეს 9 წელი და გაბრაზებულები განცხადებებით და ვითომ შეშინებული რუსი ჯარისკაცებით მივიღეთ ის შედეგები, რაც მივიღეთ. ჭკუით და სიბრძნით უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს. გაბრაზება ძლიერების თვისება არ არის.
საზოგადოება ხშირ შემთხვევაში დაბნეულია და ზოგიერთი ნაწილი გაღიზიანებულიც არის ამ ფორმატის მოლაპარაკებების გამო. ფორმატი უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ ჩვენ საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ არის საკითხები, სადაც ვალდებულები ვართ ვითანამშრომლოთ რუსეთის ფედერაციასთან, მიუხედავად იმისა, რომ ის არის ოკუპანტი ქვეყანა. არის საკითხები, რომლებზეც ოკუპაციის გაქარწყლებამდე არ ვაპირებთ თანამშრომლობას. ჩვენ დიფერენცირებულ პოლიტიკას ვაწარმოებთ ამ ოკუპანტ ქვეყანასთან. არის საკითხები, რომლებზეც ვთანამშრომლობთ, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც არ ვითანამშრომლებთ", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.