საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ემსახურება. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ საქართველოში ვითარების არევა რუსეთის სახელმწიფოს ინტერესში შედის და მას ხელს „ნაციონალური მოძრაობა" უწყობს.
„უნდა ველოდოთ კადრების კიდევ გავრცელებას. მქონდა კონსულტაცია IT სპეციალისტებთან, რომლებმაც მითხრეს, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ასეთი ქმედებების განხორციელება ისე შეიძლება, რომ მათი გამოძიება ძალიან რთული იყოს. შესაძლოა დადგინდეს ქვეყანა, საიდანაც მასალა აიტვირთა, მაგრამ ვინ ატვირთა, ამის დადგენა თითქმის შეუძლებელია. თუ ეს მასალა საქართველოდანაა ატვირთული, მაშინ შესაძლებელია ამტვირთავის მოძებნა. თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ეს სიტუაცია გლობალურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ და ვიღაც ცდილობს, რომ ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაცია მოახდინოს. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. არსებობს ეჭვი, რომ ეს ყველაფერი გარედანაა გაკეთებული და ამაში ჩარეულია ის ხალხი, პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ. საზოგადოებამ არ იცის, რომ ქვეყანაში არსებობს ძალა, რომელიც მუდმივად ცდილობს, პრობლემები შეუქმნას სახელმწიფოს განვითარებას. მისი მიზანი არ არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა. მათ სულ სხვა ამოცანები აქვთ.
საქართველოში ხორციელდება სამი უზარმაზარი გეოპოლიტიკური პროექტი -„აბრეშუმის გზა", „შაჰდენიზი 2" და ანაკლიის პორტის მშენებლობა. ესენი ისეთი გეოპოლიტიკური პროექტებია, რომლებიც ჩვენს მეზობელ რუსეთს ძალიან აღიზიანებს. ბუნებრივია, ის ცდილობს, რომ ისეთი პრობლემები შექმნას საქართველოში, რომელიც ამ პროექტების განხორციელებას ხელს შეუშლის. რუსეთი ყველაფერზე წამსვლელია და საქართველოს ხელისუფლებამ დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს, ვინ არის ის „რბილი ძალა", რომელიც რუსეთს ამ ქმედებების განხორციელებაში ხელს უწყობს. ჩემთვის ამოხსნილი ამოცანაა, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ისიც მესმის, რომ ხელისუფლების მხრიდან ამის პირდაპირ გაცხადება რთული იქნება. თუ გადავხედავთ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი მმართველობის პერიოდს, დაინახავთ, რომ თუკი რაიმე ინტერესი ჰქონდა რუსეთს საქართველოში, ყველაფერი დაიკმაყოფილა", - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.