„ძალიან კარგად ვიცი, ვინ არიან მიმდინარე პროცესებში მთავარი დამნაშავეები", - ასე ეხმაურება „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების ინტერნეტსივრცეში გავრცელების ფაქტს. როგორც ახვლედიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი აზრით, კადრების გავრცელებას დღეს ის ადამიანები უზრუნველყოფენ, რომლებიც წლების მანძილზე ამავე კადრების შექმნით იყვნენ დაკავებულები.
„ყველამ კარგად იცის, თუ ვინ ქმნიდა 9 წლის განმავლობაში ფარული ჩანაწერების გასაკეთებელ მანქანას და რომელი ორგანიზაციები აკეთებდნენ ამას. პირდაპირ სააკაშვილის დონეზე ჰქონდა ამ ყველაფერს მწვანე შუქი ანთებული. ეს ადამიანები დღევანდელმა ხელისუფლებამ არჩევნების შემდეგ მშვიდობიანად გაუშვა საქართველოდან, მაშინ, როდესაც მათთვის ქვეყნიდან გასვლის შესაძლებლობები აუცილებლად უნდა აღეკვეთა. მაგრამ, დაწყებული პრეზიდენტიდან, დამთავრებული დაბალი ეშელონების დამნაშავეებით, ხელისუფლებამ ყველა გაუშვა ქვეყნიდან. ახლა ვსხედვართ და გულზე მჯიღს ვიცემთ, თუ რა საშინელებებს გვიკეთებენ ეს ადამიანები უცხოეთიდან", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.