საინფორმაციო სააგენტო „ნეტგაზეთის" ცნობით, 17 ნოემბერს, საღამოს ლილოს დასახლებაში ავტომობილმა არასრულწლოვანი გაიტანა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია „ნეტგაზეთს" სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.
როგორც სოციალურ ქსელში ერთ-ერთი თვითმხილველი წერს, ავტომობილმა ჯერ მოზარდი გაიტანა, ხოლო შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თქმით, ზარის მიღებიდან სასწრაფოს ბრიგადა ადგილზე მალევე გამოცხადდა, თუმცა მოზარდი მათ უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
შსს-ის ცნობით, მძღოლის ვინაობა გარკვეულია და ის გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.