პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრაღაში გამგზავრებამდე კონსულტაციებს გადის ყველა იმ უწყების წარმომადგენელთან, რომელიც რუსეთის საკითხებთან შემხებლობაშია, შეხვედრის შემდეგ კი დეტალური ინფორმაცია 15-მდე უწყებას ეგზავნება.
„იმის თქმა, რომ არავინ იცის, პრაღაში რაზე ვსაუბრობთ, არასერიოზულია. რამდენიმე გარემოებას აღვნიშნავ, ვინაიდან ბოლო დროს ვამჩნევ, ბევრი კითხვა წარმოიშვა ამ ფორმატის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ეს არის არაფორმალური დიალოგის ფორმატი. იქ მონაწილეები ვალდებულებებს არ ვიღებთ, არც რაიმე დოკუმენტი ფორმდება და დიალოგი მიმდინარეობს თავისუფალ, არაფორმალურ ვითარებაში. ამიტომ ხშირად, როდესაც ისმება კითხვა, თუ რაზე მოილაპარაკეს პრაღაში, არ არის მთლიანად მართებული. იქ ვერაფერზე მოვილაპარაკებთ.
ჩვენი მანდატია, ჩამოვიტანოთ ის ინფორმაცია, რაზეც იქნება საუბარი თბილისში ან მოსკოვში და ამის შემდეგ შეიძლება იქნას მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკითხთან. ჩემი მანდატი მკაფიოდ გაწერილია, ყოველი წასვლის წინ მზადდება პრემიერის განკარგულება, სადაც ყველაფერი ეს აღნიშნულია - ეს გახლავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კომუნიკაციები, ჰუმანიტარული პრობლემები. ეს არის არაფორმალური დიალოგი, შეიძლება გაკეთდეს პირადი სახის კომენტარები და გამოითქვას მოსაზრებები, როგორც მე ამას ვაკეთებ ხოლმე საოკუპაციო ხაზზე და ამა თუ იმ ინციდენტთან დაკავშირებით.
ასეთივე პირადი სახის მოსაზრება, ბუნებრივია, შეუძლია გამოთქვას ჩემმა რუსმა კოლეგამ. ეს არის რთული დიალოგი, მწვავე დისკუსია, რაც ასეთი არაფორმალური ფორმატისთვის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებული თემები, თუმცა ამა თუ იმ თემაზე კომენტარის გაკეთება არანაირად არ ნიშნავს იმ საკითხების განხილვას, რომლებიც ჟენევაში განიხილება. ზოგადად, საკითხის განხილვა ნიშნავს ამა თუ პრობლემის დეტალურად მომზადებას.
სანამ პრაღაში გავემგზვრები, ვხვდები ყველა იმ უწყების წარმომადგენლებს, რომელთაც რაღაც შეხება აქვთ რუსეთის თემატიკასთან, ვიღებ სრულ ინფორმაციას. ამ შეხვედრებს ესწრებიან საგარეო უწყების და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც პრაღაში საკითხების საგნობრივად განხილვაში მონაწილეობენ. სრულყოფილი, დეტალური ინფორმაცია შეხვედრების შესახებ, ვინ რა თქვა, როგორ თქვა, რა უპასუხა, ეს ყველაფერი 15-მდე უწყების ხელმძღვანელს ეგზავნება. ამიტომ იმის თქმა, რომ არავინ იცის, პრაღაში ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, არანაირად არ არის სერიოზული", - განაცხადა აბაშიძემ.