ყოფილმა პატიმარმა, ნორა კვიციანმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, რომ მას სამი მუხლით ბრალდება მტკიცებულებების გარეშე წაუყენეს. მისი თქმით, უკანონო ფორმირების შექმნის საქმეში არ არსებობდა ჩხრეკის ოქმი და ყველაფერი გაყალბებული იყო.
„სურსათის მითვისების საქმეზე დაიკითხა ყველა მოწმე, მათ შორის - ისინი, ვინც მაშინ სურსათი მიიღო. 2005 წელს გადამალეს ხელმოწერების სია და სურსათის მითვისება მომაწერეს, რომლის გამოც 7 წლამდე პატიმრობა მომისაჯეს. დღემდე მაწერია 75 000 ლარზე მეტი ჯარიმა, რომელიც სააღსრულებო ბიუროშია გადაცემული. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გამომძიებელ ლევან ქუთათელაძეს, რომელმაც ჩემი საქმეების სამართლიანად გამოიძია. გამოძიების პროცესში მან სიის ორიგინალი იპოვა. ციხეში 6 წელი და 4 თვე გავატარე. წელიწადი და 4 თვე „კრიტში" გამატარებინეს, მერე იყო ზუგდიდის ციხე და აღარც ვიცი, რამდენი ციხე გამოვიარე.
მე ასევე წაყენებული მქონდა მუხლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის და უკანონო ფორმირების შექმნისთვის. უკანონო ფორმირების შექმნის საქმეში არ არსებობდა ჩხრეკის ოქმი და ყველაფერი გაყალბებული იყო. ჯერ ერთი, სახლში ისე შევიდნენ და ყველაფერი ისე აიღეს, რომ მე იქ არ ვიყავი. იარაღის ამბავზე ცრუ ბრალდებები შემიდგინეს და იმ მოწმეებმა, რომლებმაც მაშინ ცრუ ჩვენება მისცეს, გამოძიებას დღეს რეალური ჩვენება მისცეს და მე დღეს სამართალი ვიპოვე", - განაცხადა ნორა კვიციანმა.