სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხად, რომ ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეზე უკანონოდ მსჯავრდებული პირების მიმართ უკანონო განაჩენები იყო დამდგარი.
„ეს იმას ნიშნავს, რომ განაჩენი წინასწარი სცენარით დაგეგმილ, ხელოვნურად შექმნილ მამხილებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას ემყარებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადგილი ჰქონდა მტკიცებულებათა ფაბრიკაციას, რაც ხელახლა ჩატარებული გამოძიებით სრულიად დადასტურდა. გამოიკვეთა მთელი რიგი გარემოებები - ჩატარებულ იქნა ექსპერტიზა და დაიდო დასკვნები, დაიკითხა ათეულობით მოწმე, გადამოწმდა ანძები, სატელეფონო საუბრები, შემავალ-გამავალი ზარები. ჩატარებულმა გამოძიებამ მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის მიგვემართა, რათა უკვე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენები გადაისინჯოს. იმედი გვაქვს, უკანონოდ მსჯავრდებული პირების სამართლებრივი რეაბილიტაცია მოხდება", - განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ამ დანაშაულის ე.წ გახსნა შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიერ დაიგეგმა.
„ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასე გვაქვს დადგენილი. მოპოვებულ იქნა აღიარებითი მამხილებელი ჩვენებები. იმისთვის, რომ ეს დანაშაული გახსნილად გამოცხადებულიყო, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით ე.წ როლების დანაწილება და მტკიცებულებების აგება წინასწარ დაწერილი გეგმის მიხედვით მოხდა. გეგმით იყო განსაზღვრული, ვისგან რა აღიარებითი ჩვენება უნდა მიეღოთ და ამ დანაშაულში ვის რა როლი უნდა რგებოდა. იმჟამინდელ საგამოძიებო ვერსიაში წინასწარდაგეგმილად მოხდა საქმეში მაყუჩიანი იარაღის თემის შეტანაც. მათ იცოდნენ, რომ გამოკითხვის ოქმებში გასროლის ხმა არ ფიქსირდებოდა და შესაბამისად, ივარაუდეს, რომ ეს მაყუჩიანი იარაღით უნდა განხორციელებულიყო და შემდგომი ვერსია სწორედ ამ იარაღზე ააგეს, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდა", - განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა.
როგორც მან აღნიშნა, საქმეზე ჩატარებულ იქნა კომპლექსური კომისიური ფიზიკო-ტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.
„გარდა ამ ექსპერტიზების დასკვნებისა, ახალი გამოძიების ფარგლებში, სატელეფონო ანძების მიხედვით გაიშიფრა ის მარშრუტები, რითაც ე.წ მსჯავრდებული პირები სარგებლობდნენ, რის შედეგადაც საერთოდ სხვა გარემოება დადგინდა. მაგალითისთვის, ერთ დეტალს მოვიყვან. იმჟამინდელი გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთი აღმსრულებელი აჭარაში გვიჩიანს ხვდება და კონკრეტულ დოკუმენტაციას გადასცემს, რომელიც მათი ვერსიით, ლომინაძის ბინიდან იყო წაღებული. ხაზგასმით ვამბობ, ახალი გამოძიების ფარგლებში მკაფიოდ დადგინდა, რომ ჩვენების ეს ნაწილი, რომელიც თითქოს მსჯავრდებულებმა აღიარეს, აფსურდულია, რადგან ეს ადამიანი ამ დროს საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა. ანძების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეს ადამიანები სხვადასხვა ადგილზე იმყოფებოდნენ. საუბარია სამ აღმსრულებელზე", - განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, დაზარალებულს აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა უჩნდება, თუ ვინ მოკლა მისი შვილი. ნებისმიერი ჩვენგანი ამ კითხვას დასვამდა, რომ თუ არა გია გვიჩიანი და დანარჩენი პირები, ეს დანაშაული ვინ ჩაიდინა, მაგრამ პარალელურ რეჟიმში, გამოძიება სწორედ დამნაშავეთა დადგენა-მხილების კუთხით მიმდინარეობდა და ძიება კვლავ გრძელდება.
„გამოდის, რომ ნიკოლოზ ლომინაძის მამა იმჟამინდელმა გამოძიებამ 11 წელიწადი ტყუილში აცხოვრა, რადგან მას ეგონა, რომ მისი შვილის მკვლელები გასამართლებული იყვნენ და სასჯელს დამსახურებულად იხდიდნენ. ახლა კი, ის სხვა რეალობის წინაშე დადგა. რა თქმა უნდა, მისი აღელვება და გულისტკივილი გვესმის, მაგრამ არის მეორე სამართლებრივი სიკეთე - თუ ამ მტკიცებულებათა ერთობლიობას გავაანალიზებთ, რა გზა გვრჩება, რომ უდანაშაულო ადამიანის მიმართ არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მოვახდინოთ და ჩვენი უმოქმედობით უკანონო სასჯელის მოხდა გააგრძელოს?! დაზარალებულის ოჯახისთვის ეს როგორი მტკივნეული არ უნდა იყოს, პროკურატურას დღეს ამ გადაწყვეტილების გარდა, სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდა", - განაცხადა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
როგორც მან აღნიშნა, გამოძიება მეორე მიმართულებითაც მიმდინარეობს.
„ვინ გასცა დავალებები და ვინ მოახდინა მტკიცებულებათა ფაბრიკაცია, რამაც 5 ადამიანის მსჯავრდება გამოიწვია. მესამე მიმართულება ისაა, რომ გამოძიება რეალურ დამნაშავეებზე, პირზე ან პირთა წრეზე გავიდეს, რომლებმაც ლომინაძის მკვლელობა განახორციელეს. კონკრეტულ შედეგებზე გასვლისთანავე, ამ ყველაფერს საზოგადოებას მოვახსენებთ", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.