logo_geo
eng_logo
ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან დანასისხლად გადამტერებულ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორი ან ტურისტი არ ჩამოვა
- +

21 მარტი. 2016. 14:30


პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრაღის ფორმატის შედეგებზე ისაუბრა.


მისი თქმით, მთავრობამ 2012 წელს ჩაიბარა ქვეყანა, რომლის ტერიტორიული მთლიანობა ფაქტობრივად მოიშალა 2008 წლის ომისა და რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შედეგად.


 

საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად ახალი, დიდი ძალადობის მოლოდინში ცხოვრობდა. ჩვენ გარკვეულწილად შევამცირეთ ეს საფრთხე და ქვეყანას განვითარების საშუალება მივეცით. რუსეთთან დაძაბულობის შემცირება შიდაპოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ დაძაბულობის შემცირება ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდის ფაქტორადაც იქცა. რუსეთთან დანასისხლად გადამტერებულ ქვეყანაში უცხოელი ინვესტორი ან ტურისტი არ ჩამოვა - ეს არის რეალობა", - აღნიშნა აბაშიძემ.



მისი თქმით, რა შედეგი აქვს აბაშიძე-კარასინის დიალოგს, უნდა ვკითხოთ გლეხებს, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს, ტრანსპორტის სფეროს კომპანიებს, ტურიზმის სექტორში ჩართულ ხალხს, ასევე, ფინანსისტებს, თუ რა თანხები შემოდის მილიონამდე რუსი ტურისტისგან.

 

 

დაუსვით ეს კითხვა ჩვენს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს, მათ ახლობლებს, ჰკითხეთ რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ჩვენს თანამემამულეს, არის თუ არა საჭირო რუსეთთან თუნდაც რთული დიალოგის გამართვა. ეს ხალხი ჩვენი ხალხია.

რუსეთთან დიალოგი ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებასა და ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით მიღწეული წარმატებისა. რუსეთთან დიალოგმა საშუალება მოგვცა, წარმატებით გვევლო ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება, ზაფხულისათვის ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესიც დასრულდება. ეს ისტორიული მიღწევებია. რუსეთთან დიალოგი ამ მიღწევების მნიშვნელოვანი ნაწილია. ზუსტად ასე ხედავენ ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner