შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი „პრაიმტაიმთან" პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე საუბრობს. მისი თქმით, მსგავსი კადრები უნდობლობას აჩენს პოლიტიკური სისტემის, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიმართ. ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესების წარმართვისთვის ადგილი ცარიელი რჩება და ამ ადგილის დაკავება, როგორც წესი, ხდება აგრესიული მარგინალური ჯგუფის მიერ.
„ყველა ასეთი ჩანაწერის დაუცველობა და შემდგომ მისი გავრცელება ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგო აქტია, რადგან ეს პრაქტიკულად დანაშაულია ქვეყნის პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ. ეს სისტემა, რომელიც ავად თუ კარგად, თავს ართმევს არსებულ ვითარებას, მოწყვლადი ხდება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსხვერპლთა მიმართ პოლიტიკოსები და პოლიტიკასთან დაკავშირებული ადამიანები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ან თუნდაც მთლიანად თბილისის მოსახლეობა სოლიდურია, რეგიონებში მოსახლეობა დიდ სოლიდარობას არ ამჟღავნებს. ასეთ შემთხვევაში, მსგავსი კადრები უნდობლობას აჩენს პოლიტიკური სისტემის მიმართ, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიმართ და პოლიტიკური პროცესების წარმართვისთვის ადგილი ცარიელი რჩება. ამ ადგილის დაკავება, როგორც წესი, ხდება აგრესიული მარგინალური ჯგუფის მიერ. დაახლოებით იგივე პროცესებია, რაც უნივერსიტეტში ხდებოდა, თუმცა ნუ ჩათვლით, რომ ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან კავშირშია. უბრალოდ, პარალელებს ვავლებ. იქაც იყო სასწავლო პროცესის მოშლა, შეჭრა... ერთი სიტყვით, როცა დემოკრატიული პროცესის მოშლა ხდება, მის სივრცეს იკავებს ანტიდემოკრატია, უკანონობა, ძალადობა და ა.შ. ასეთ შემთხვევაში საბოლოო მიზანი არის პოლიტიკური სისტემის დისკრედიტირება", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.