საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. საქართველოს სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებს პრემიერ-მინისტრი მირზა ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრში შეხვდა.
„გვიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს. უნდა ვეცადოთ, რომ აზერბაიჯანელი ეროვნების ჩვენი თანამოქალაქეები მაქსიმალურად ჩავრთოთ ქვეყნის განვითარების საქმეში. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო განვითარების გეგმები, ამ გეგმების განხორციელებაში შეუძლებელია ვიყოთ წარმატებულები, თუ თქვენ არ იგრძნობთ თავს ამ გეგმის ნაწილად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა გააცნო და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები განათლების, ეკონომიკის, ჯანდაცვის საკითხებით და ქვემო ქართლის რეგიონალური განვითარების გეგმით დაინტერესდნენ. შეხვედრას განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, პრემიერის თანაშემწე ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სავალან მირზოევი და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ესწრებოდნენ