logo_geo
eng_logo
„გელაშვილის ცემაში მონაწილეებს კოდუამ, პრემიის სახით 500 დოლარი გადაუხადა“
- +

18 ნოემბერი. 2016. 19:03



დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით სოდ-ის თანამშრომლები დაიკითხნენ. მათ დაადასტურეს, რომ გელაშვილის ცემის გამო პრემიის სახით ერეკლე კოდუამ მათ 500 დოლარი გადაუხადა.



შსს-ს სოდ-ის სპეცრაზმის ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრე ნაჭყებიას განცხადებით, მან მიიღო დავალება გია სირაძისგან, რომ უნდა გაენეიტრალებინათ ერთი პიროვნება და ეცემათ. ალექსანდრე ნაჭყებიამ კი, როგორც თავად ამბობს, შეკრიბა სპეცრაზმის რამდენიმე მებრძოლი და ორი დღის განმავლობაში ქალაქში გადაადგილდებოდნენ.



მეორე დღეს ოპერატიულ მუშაკს გადმოსცეს, რომ მოგვეძებნა მერსედესის" მარკის ჯიპის ტიპის ავტომანქანა, სადაც იმყოფებოდა ობიექტი. ჩვენ შევნიშნეთ ის. სანაპიროზე გაჩერდა, შუქნიშანთან. ორი ჯგუფით ვიყავით და მოვახდინეთ ბლოკირება. გია სირაძის მანქანა წინ გადაუდგა, ჩვენ უკან ვიდექით. შემდეგ დავიწყეთ დავალების შესრულება, გადმოვიყვანეთ ობიექტი, ვცემეთ ხელებით, ფეხებით და ავტომანქანიდან წამოვიღეთ ნივთები", - განაცხადა ალექსანდრე ნაჭყებიამ.

 

 

მოწმის ჩვენებით, ამ ოპერაციის შემდეგ ოპერატიულმა მუშაკმა გელაშვილის მანქანიდან წამოღებული ნივთები ერთად შეკრიბა და წაიღო. ცოტა მოგვიანებით კი სპეცრაზმელებს უთხრა, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან იყვნენ დაბარებულები. სპეცრაზმის თანამშრომლებმა თქვეს, რომ ისინი ერეკლე კოდუას კაბინეტში შევიდნენ, კოდუამ მათ შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მაგიდაზე დალაგებულ თანხაზე მიუთითა, რომ ეს მათი პრემია იყო. სპეცრაზმელების ცნობით, თითოეულს 500 დოლარი გადაეცა. ამ მოწმეების ჩვენებებზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მათ სასამართლოზე დაკითხვისას არ უხსენებიათ, რომ ამ ოპერაციის დროს, დავალებების გამცემი პირების მიერ რაიმე ფორმით ნახსენები იყო ბრალდებული სააკაშვილი ან მერაბიშვილი. ასევე, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს მოწმეები წარსულში სწორედ გელაშვილის საქმეზე იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი, თუმცა შემდეგ განრიდება მოხდა.



ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ეს პირები პროკურატურას მიყვანილი ჰყავდა უწყებაში, სადაც შეახვედრეს ვალერი გელაშვილს და მას ბოდიში მოუხადეს, ეს კი ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, უფლებამოსილების გადამეტებაა. საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ დაზარალებულთან შეხვედრის სურვილი თავად ყოფილმა სპეცრაზმელებმა გამოთქვეს, ხოლო რაც შეეხება მოწმეების დღევანდელ ჩვენებებს, დავალებებს, რომელსაც ისინი ასრულებდნენ, სწორედ ექს-პრეზიდენტის მხრიდან იყო გაცემული და ამას საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეებიც დაადასტურებენ, მათ შორის სპეცრაზმის იმდროინდელი ხელმძღვანელი და ასევე ხელისუფლების ყოფილი ჩინოსანი ირაკლი ოქრუაშვილი.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner