logo_geo
eng_logo
მოწმე: დავით კეზერაშვილის ბრძანება 5-მილიონიანი წვრთნების შესახებ არ მინახავს
- +

18 ნოემბერი. 2016. 19:06



თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას სასამართლო პროცესი გაიმართა. სახელმწიფო ბრალდება თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილ უფროსს, სახელმწიფო სახსრებიდან 5,06 მილიონი ევროს გაფლანგვას ედავება.



დღევანდელ სხდომაზე პროკურატურის ერთი მოწმე დაიკითხა, რომელიც 2008 წელს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ შტაბში შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ნოდარ ქვირითაიამ სასამართლოსთვის მიცემულ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ არ უნახავს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის მიერ გაცემული ბრძანება, რომელიც საჯარისო ნაწილის არაგეგმიურ სწავლებას შეეხებოდა და მისი ღირებულება იქნებოდა 5 მილიონ 60 ათასი ევრო. ამასთან, ქვირითაიას ჩვენების მიხედვით, მსგავსი შინაარსის წვრთნა 2008 წლის იანვარში არც ჩატარებულა.



დღესვე მოსამართლე ნინო ელიეიშვილმა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზეც იმსჯელა და ორივე მათგანს კვლავ წინასწარ პატიმრობა დაუტოვა სასჯელის ზომად. მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება ბრალდებულების მხრიდან მიმალვა დაასახელა.



პროკურატურის განცხადებით, „2008 წლის 10 იანვარს, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, მასთან დაკავშირებული პირის, ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია „Girwood Business Corp."-ის სასარგებლოდ, თანხების გაფლანგვის მიზნით, გამოსცა ბრძანება - ხსენებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ". ამავდროულად, გამოძიების ვერსიით, „დავით კეზერაშვილთან დანაშაულებრივ კავშირში ჩაერთო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ნინუა, რომელმაც კომპანიის გამოცდილების და შესაძლებლობების შეუმოწმებლად, 2008 წლის 10 იანვარს, კომპანია „Girwood Business Corp."-თან, თავდაცვის სამინისტროს სახელით გააფორმა ხელშეკრულება, თავდაცვის შესაბამისი ქვედანაყოფების გეგმიური საბრძოლო მომზადების შესახებ, რომლის ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროს ოდენობით". პროკურატურის განცხადებით, „ხელშეკრულების თანახმად, საავანსო თანხად განისაზღვრა მთლიანი თანხის 40 %, მაშინ როდესაც კომპანიას, რომელსაც საქართველოში წარმომადგენლობაც კი არ გააჩნდა, არ დაევალა საბანკო ან სხვა სახის გარანტიების წარმოდგენა". საგამოძიებო უწყების მტკიცებით, სინამდვილეში ხელშეკრულება იყო ფიქტიური და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ კომპანია „Girwood Business Corp."-ს სამხედრო ქვედანაყოფებში არანაირი სახის სასწავლო წვრთნები არ ჩაუტარებია.



საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით იწარმოება, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner