სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის მწარმოებლებისთვის ახალ რეგულაციებს გეგმავს. 2017 წლის იანვრიდან ხორც-პროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულო გახდება. რა რეგულაციები უწესდებათ მწარმოებლებს და რა ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული ეტიკეტზე. როგორია სურსათის უვნებლობის სამსახურის პოზიცია და რას ფიქრობენ გამყიდველები.
საქონლის დაკვლის დრო, ცხოველების ასაკი, სასაკლაოსა და დამაფასოებელი კომპანიების საკონტაქტო ინფორმაცია. ეს ის ინფორმაციაა, რომელიც ბაზრებსა თუ მაღაზიებში გასაყიდად გატანილ ხორც-პროდუქტებს ინფორმაციის სახით უნდა დაერთოს. ეტიკეტი ხორცის თითოეულ ნაჭერზე უნდა განთავსდეს და მომხმარებლის ინფორმირება სრულად უნდა მოახდინოს. სურსათის ეროვნულის სააგენტო, ხორც პროდუქტების მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციების გატარებას იწყებს.
„მომხმარებელი უნდა იყოს ინფორმირებული, სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს თუ რომელ სასაკლაოზეა დაკლული ის ხორცი, რომელსაც ის ყიდულობს, აგრეთვე რომელ დამჭრელ საწარმოშია დაჭრილი. თუ ვთქვათ სასაკლაოს გარეთ არის დაჭრილი. გამოშვების თარიღი, ვარგისიანობის ვადა, აღიარების ნომერი სასაკლაოს და დამჭრელი საწარმოსი",- განაცხადა სურსათის უვნებლობის სამსახურის, ინსპექტირების სამსახურის უფროსმა გიორგი მიქაძემ.
ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება და მომხმარებლის სრული ინფორმირება. სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიჩნევს რომ ხორც-პროდუქტებზე განსაკუთრებული კონტროლი უნდა განხორციელდეს.
სურსათის ეროვნული სააგენტო ხორც-პროდუქტებზე სავალდებულო ეტიკეტირების შემოღებას 2017 წლის პირველი იანვრიდან გეგმავს.