BBC-ის ინფორმაციით, ამერიკელი პოეტი და მომღერალი ბობ დილანი, რომელიც ლიტერატურის დარგში ნობელის პრიზის გამარჯვებულად დასახელდა, ადასტურებს, რომ ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალზე სტოკჰოლმში არ გაემგზავრება. დილანმა აკადემიას წერილი გაუგზავნა, სადაც განმარტა, რომ „გარკვეული ვალდებულებების" გამო უწევს დაჯილდოვების გამოტოვება.
როგორც შვედეთის აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბობ დილამა მათგან "დიდი პატივისცემა" იგრძნო და ისურვა, რომ კუთვნილი პრემია პირადად მიიღოს. BBC-ის ცნობით, მომღერალსა და პოეტს ასევე სთხოვეს, რომ დღეიდან მომდევნო წლის ივნისამდე ნობელის პრემიის შესახებ ლექცია წაეკითხა.
ბობ დილანი ლიტერატურულ დარგში „ამერიკული სიმღერის ტრადიციაში ახალი პოეტური გამოხატვის შექმნისთვის" ნობელის პრემიის გამარჯვებულად 13 ოქტომბერს დასახელდა. მუსიკოსი და პოეტი ნობელის კომიტეტის ზარებს რამდენიმე კვირის განმავლობაში არ პასუხობდა.