თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ტელეარხ CBS-ის გადაცემა „60 წუთისთვის" მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტს ბარაქ ობამას და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ბრალი დასდო იმაში, რომ ისინი არასერიოზულად მიუდგნენ სირიის პრობლემის გადაწყვეტას. მისივე თქმით, სირიაში ომმა უსაფრთხოების საფრთხეები შექმნა თურქეთის სამხრეთ საზღვრებზე, შეფერხებები შეუქმნა ანკარას თავდაცვით შესაძლებლობებს და თურქეთს მოუწია სირიიდან 3 მილიონი დევნილისთვის თავშესაფრის მიცემა.
„ჩვენ ვრეაგირებთ ამ პრობლემებზე, განვიხილეთ ისინი პრეზიდენტ ობამასთან და ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან. ამ სიტუაციაში ისინი მოწოდების სიმაღლეზე არ აღმოჩნდნენ და ვერ შეძლეს, სერიოზულად მიდგომოდნენ ამ საკითხებს. ეს ძალიან გულდასაწყვეტია ჩვენთვის", - განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანის განცხადებით, ის ძალიან გულგატეხილი და იმედგაცრულებულია ამერიკის შეერთებულ შტატებზე.
„ნება მომეცით, გულწრფელი ვიყო. ტყუილი იქნება, თუ ვიტყვი, რომ მე გულგატეხილი არ ვარ. დიახ, მე ძალიან გულგატეხილი ვარ", - აღნიშნა ერდოღანმა.