logo_geo
eng_logo
წალენჯიხაში მამაკაცმა მშობლებს თავი მოკვეთა, თავად კი ვენები გადაიჭრა
- +

19 ნოემბერი. 2016. 13:38



სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში მამაკაცმა მშობლებს ნაჯახით თავები მოკვეთა.


„კვირას" ინფორმაციით, 35 წლის ივანე ქ-ვაა და ის ფსიქიურად დაავადებული პირია. იგი სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან მოშორებით ტყეში დააკავეს. მას სხეულზე თვითდაზიანება აღენიშნება.


საზარელი შემთხვევა დღეს, დაახლოებით, ორი საათის წინ წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში მოხდა.


მამაკაცი მამას თავს მაშინ დაესხა, როცა ის ჯერ კიდევ ლოგინში იწვა, ხოლო დედა სახლის აივანზე მოკლა. შემთხვევის შედეგად, 88 წლის ვაჟი ქ-ვა და 83 წლის რუსუდან ქ-ვა დაიღუპნენ.


მშობლების საზარელი მკვლელობის დროს, ოჯახის ერთ-ერთი წევრი შემთხვევით მეზობელთან იმყოფებოდა. სახლში მოსულს კი, საზარელი ფაქტი დახვდა.


როგორც „კვირას" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა განუცხადა, მშობლების საზარელი მკვლელობის შემდეგ ივანე ქ-ამ შემთხვევის ადგილი მიატოვა და ტყეში გაიქცა.


მისი თქმით, სამართალდამცავებმა იგი მალევე დააკავეს, თუმცა მას ვენები ჰქობდა გადაჭრილი.


აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, როგორც „კვირას" სოფელ ლიას რწმუნებულმა ვახტანგ კვირკველიამ განუცხადა, ივანე ქ-ვა ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და მედიკამენტოზურ მკურნალობას გადიოდა.


მისივე თქმით, დაახლოებით სამი დღის წინ, მშობლების მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ზუგდიდის შს სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.


„ზუგდიდში ყოფილა. ფურცელზე დაუწერია „დამეხმარეთო" და ეს ფურცელი და 50-ლარიანი პოლიციის მანქანაში შეუგდია. რის გამოც სამართალდამცავებს დაკავებული ჰყავდათ. სავარაუდოდ, როდესაც გაიგეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გაათავისუფლეს. ეს დაახლოებით სამი დღის წინ მოხდა. საერთოდ, მედიკამენტებს იღებდა. ამ საზარელი ფაქტის დროს, მისი და შემთხვევით მეზობელთან იყო გადასული, სახლში მოსულს კი ასეთი შემზარავი ამბავი დახვდა. საშინელი სანახაობაა აქ", - ამბობს ვახტანგ კვირკველია.


მოხუცებს სამი შვილი ჰყავთ. ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. ერთ-ერთი ქალიშვილი პოლონეთში ცხოვრობს და ოჯახს უცხოეთიდან ფინანსურად ეხმარებოდა.


ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ცხედრებს ქუთაისში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.


როგორც „კვირას" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე აღძრულია საქმე სსკ-ის 109 მუხლით, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner