logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: მომხრე ვარ, არსებობდეს საუკეთესო ქართველი მასწავლებლების ონლაინ-გაკვეთილები
- +

19 ნოემბერი. 2016. 15:27



განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ტექნოპარკში განაცხადა, რომ იგი მომხრე იქნებოდა, არსებობდეს საუკეთესო ქართველი მასწავლებლების გაკვეთილების ონლაინ-ვერსიები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში.


მისივე თქმით, „ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება, რომ საუკეთესო ქართველმა მასწავლებლებმა ყველა ქართველ მოსაწავლეს ხმა მიაწვდინონ, რაც ადრე შეუძლებელი იყო".


„იგივე დისტანციური, ელექტრონული სწავლებები, თუ ბევრი სხვა ინსტრუმენტი ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ კარგი ან ცუდი მასწავლებელი, კარგი ან ცუდი სკოლა აღარ იყოს და ეს იყოს ერთიანი სივრცე, სადაც ყველა ბავშვს და ბევრ ზრდასრულსაც არ აწყენდა სკოლისდრონდელი ამბების გახსენება საჭიროებისამებრ. მე ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიები იძლევა იმ შედეგების გამრავლების საშუალებას, რაც ჩვენ გვაქვს. მე მომხრე ვიქნებოდი, რომ საუკეთესო ქართველი მასწავლებლების გაკვეთილები არსებობდეს ონლაინ-ვერსიაში, არსებობდეს თამაშები, პროგრამები, რომლებიც დაეხმარებიან ჩვენ მოსაწავლეებს ცოდნის გაღრმავებაში", - განაცხადა ჯეჯელავამ.


ჯეჯელავას თქმით, ეს გეგმა რეალურია, რადგან ინტერნეტი დღითი დღე ხელმისაწვდომი ხდება. 


„ასევე, ათობით სკოლაში ყოველწლიურად კეთდება უკაბელო ინტერნეტი, ამ მიმართულებით „მაიკროსოფტი" გვეხმარება, ვხარჯავთ ჩვენს რესურსებსაც. ძალიან სწრაფი ნაბიჯებით ვითარდება, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სავსებით რეალურია ის მიზნები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დასახული", - განაცხადა ჯეჯელავამ.



„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის" ორგანიზებით, ტექნოპარკში, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მესამე კონფერენცია გაიხსნა. კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა გახსნეს.


კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის.


საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციაში 200 პედაგოგი და სპეციალისტი მონაწილეობს, ხოლო მოხსენებები ხუთი თემატური მიმართულებით არის დაგეგმილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner