საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებთან შეხვედრაზე, რომელსაც ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი ესწრება, განაცხადა, რომ საქართველო გაატარებს ყველა საჭირო რეფორმას, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ინტეგრირებას და მეორე მხრივ, ბიზნეგარემოს გაუმჯობესებას.
„ევროკავშირთან ინტეგრაცია საქართველოს ბუნებრივი არჩევანია. ასოცირების შეთანხმებისა და მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ამ პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასოცირების ხელშეკრულება არის ძალიან ამბიციური შეთანხმება, რომლითაც გათვალისწინებულია არა მხოლოდ ორმხრივი ვაჭრობა, არამედ ევროპული სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში. ჩვენ ამ პროცესს მოვიაზრებთ არა მხოლოდ როგორც შანსს გაიზარდოს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი, ასევე გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო ჩვენს ქვეყანაში. ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას უკვე აქვს თავისი ზეგავლენა საქართველოს სავაჭრო ბალანსზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო, რომლის გატარებასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს.
ევროკომისართან მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ გახსნა. შეხვედრაში ვიცე- პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი, ელჩი იანოშ ჰერმანი, ასევე ევროკავშირის დელეგაცია და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.