დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" ინიციატივით, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა თბილისის ყველა რაიონში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს მთაწმინდის პარკში უმასპინძლეს და საჩუქრები გადასცეს.
ფუნიკულიორის ტრამვაისთან ანიმატორებმა ბავშვებს გასართობი პროგრამა წარმოუდგინეს, რის შემდეგაც ღონისძიების მასპინძლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა საბაგირო გზით მთაწმინდის პარკში გადაინაცვლეს.
როგორც გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მთაწმინდის პარკის დირექციასთან ერთად დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვებს კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა.
„ჩვენი უმთავრესი ამოცანა „მზის შვილებზე" ყოველდღიური ზრუნვაა. ყველა სამაჟორიტარო ბიუროში აღრიცხულია და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ გვყავს ოჯახები, სადაც „მზის შვილები" ცხოვრობენ. ვცდილობთ, სითბო და მზრუნველობა არ მოვაკლოთ მათ", - განაცხადა ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა, „მზის შვილები" მთელი დღის განმავლობაში ატრაქციონებზე უფასოდ გაერთობიან.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციას საკრებულოს წევრებთან ერთად დეპუტატების სამაჟორიტარო ბიუროების წამომადგენლები ესწრებოდნენ.
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლიდან დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება