შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის -„მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის" ფარგლებში, შსს-ს წარმომადგენლები თბილისის, ბათუმის და მარნეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ბათუმის N16 და მარნეულის N3 საჯარო სკოლების მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და მართლწესრიგის საკითხებზე ესაუბრნენ. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შსს-ს წარმომადგენლებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი კი თბილისის N1 კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს შეხვდა და მათ ტრეფიკინგზე, კიბერდანაშაულზე და მათი პრევენციის შესახებ ესაუბრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტი - „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის" უკვე 2 წელია მიმდინარეობს. მისი მიზანია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.