XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი მიხეილ საბას ძე ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) 1880 წლის 20 ნოემბერს, მარნეულის რაიონში, სოფ. წერაქვში დაიბადა.
ის თვალსაჩინო საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო. მისი პირველი მოთხრობა 1903 წელს გამოჩნდა, თუმცა შემდეგი ნაწარმოები მხოლოდ 1920-იან წლებში გამოაქვეყნა.
წინააღმდეგობა საბჭოთა იდეოლოგიის ზეწოლასთან მწერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა: ჯავახიშვილი სტალინის პერიოდის დიდი წმენდის მსხვერპლი გახდა, ხოლო მისი ნაწარმოებები აკრძალული იყო თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში.
პირველ ნაწარმოებებზეც ხელი თავისი ნამდვილი გვარით აქვს მოწერილი. მის გვართან დაკავშირებული გაუგებრობა შემდგომ თავად ჯავახიშვილმა განმარტა: „ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს წინაპარს, ვინმე ჯავახიშვილს, ქართლში კაცი შემოკვდომია, იქიდან გამოქცეულა, ქიზიყში გადასულა და იქაური გვარი, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ, ბორჩალოში რომ გადმოვედით, იქ ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით. პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად ადამაშვილი ავიღეთ. მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი გვარი".
სწავლობდა ჯერ წინამძღვრიანთკარის, შემდეგ ყირიმის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო: ავაზაკებმა მოუკლეს დედა და და, ხოლო მამა ამ უბედურებას გადაჰყვა. 1901 წელს საქართველოში დაბრუნდა. პირველი მოთხრობა „ჩანჩურა" 1903 გაზეთ „ცნობის ფურცელში" გამოაქვეყნა. ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას, რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას" (1904) და „გლეხს" (1906). მწვავედ აკრიტიკებდა მეფის ხელისუფლებას რეპრესიების გამო.
ჯავახიშვილი რეალისტური თვალით ხედავდა სოციალურ მანკიერებებს, ყოფით სცენებშიც საზოგადოებრივი ცხოვრების მოურჩენელ წყლულებს წარმოსახავდა. რევოლუციური მოძრაობის განვითარება გამოიხატა მოთხრობაში „ჯილდო". ქართული ლიტერატურული კრიტიკა დიდი მოწონებით შეხვდა ჯავახიშვილის პირველ მოთხრობებს. 1907 წელს მწერალი გაერიდა ხელისუფალთა დევნას, ერთხანს პარიზის უნივერსიტეტში სწავლობდა, იმოგზაურა ევროპაში. 1909 წელს სხვისი პასპორტით დაბრუნდა საქართველოში. 1910 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს.1913წლამდე დონის როსტოვში ცხოვრობდა, 1913 წელს კვლავ სამშობლოში დაბრუნდა.
თხუთმეტწლიანი დუმილის შემდეგ მოთხრობა „ტყის კაცით" (1923) დაიწყო ჯავახიშვილის შემოქმედების მეორე პერიოდი. მან ზედიზედ გამოაქვეყნა მოთხრობები და რომანები, რომლებშიც ქართული კლასიკური მწერლობის ტრადიციების ერთგული დარჩა. მწერალი აქტიურ შემოქმედებითსა და საზოგადო ცხოვრებას ეწეოდა. მწერალს თანაბრად აინტერესებდა ადამიანის ზნეობა, მისი ყოფა ახალ ისტორიულ პირობებში, დამოკიდებულება რევოლუციასთან. მის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა ადამიანის ვალი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის წინაშე. მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი XX საუკუნის ქართულ რეალისტურ რომანს, შექმნა ავანტიურული („კვაჭი კვაჭანტირაძე",1924), სოციალური („ჯაყოს ხიზნები", 1925), სათავგადასავლო („გივი შადური", 1928), ისტორიული („არსენა მარაბდელი", 1933-1936), ფილოსოფიური („თეთრი საყელო", 1926) რომანები. მწერალს განსაკუთრებით იზიდავდა სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზოგადო ცხოვრების რევოლუციური გარდაქმნის რთული ეპოქა.
ჯავახიშვილის თხზულებათა მომდევნო კრებული გამოქვეყნდა ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ - 1958-1964 („რჩეული თხზულებანი", ტ.1-6). მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე.
1930 წელს ჯავახიშვილი დაუპირისპირდა მალაქია ტოროშელიძეს, საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდენტსა და განათლების სახალხო კომისარს, ქართული ლიტარატურის კლასიკის აკრძალვის გამო. ლავრენტი ბერიას ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს აკრძალვა მოიხსნა და ჯავახიშვილმაც მცირე ხნით მხარდაჭერა მიიღო. მისი „არსენა მარაბდელი" ხელმეორედ გამოიცა, დაიდგა თეატრში და გამოვიდა ფილმად. თუმცა 1936 წელს „ქალის ტვირთის" გამოქვეყნების შემდეგ ბოლშევიკ აქტივისტთა მწვავე კრიტიკას ვერ გაექცა. საბჭოთა იდეოლოგმა ვლადიმირ ერმოლოვმა რომანი დაგმო, ვინაიდან, მისი აზრით, ის ბოლშევიკებს ტერორისტებად ასახავდა რევოლუციამდელ საქართველოში. უფრო მეტიც, გაჩნდა ეჭვი, რომ ჯავახიშივლმა გააფრთხილა მწერალი გრიგოლ რობაქიძე მისი დაპატიმრების განკარგულების შესახებ და 1930 წელს გერმანიაში გაქცევაში დაეხმარა. საქმე კიდევ უფრო გართულდა 1936 წელს - მან ღიად შეაქო ფრანგი მწერალი ანდრე ჟიდი, რომლის „ღეტოურ დე ლ'Uღშშ" და მასში მოყვანილ ქართველ მწერალთა დახასიათება, ჟიდსა და ჯავახიშვილს ხალხის მტრების კვალიფიკაციას ანიჭებს.
1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭის ყრით მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს". მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრრევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად.
მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე". სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.