პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფარული კადრების გავრცელების ფაქტს ეხმიანება და „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ ეს არის საკმაოდ რთული საქმე და ხელისუფლებას გაუჭირდება კონკრეტული შედეგის სწრაფად დადება. ძაბირაძის თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას თავის დროზე კადრები არ უნდა გაენადგურებინა, რადგან ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის" მიერ სპეციალურად შემოგდებული თემა.
„ძალიან მიჭირს ამ საქმის ტექნიკური ნაწილის გააზრება. მე თავად ამ ყველაფერში დიდად ვერ ვერკვევი. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს არის საკმაოდ რთული საქმე, თუკი ის პროფესიონალის მიერ არის გაკეთებული. ამიტომ, არ მგონია, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ დადოს რაიმე შედეგი.
თუმცა, მეორე მხარეა, თუ რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ მსგავსი ფაქტებისგან თავდასაცავად. იმ კადრების განადგურებით, თითქოს ყველანი დავმშვიდდით და ვფიქრობდით, რომ საკითხი მოვაგვარეთ. ასეთი განცდა იყო როგორც საზოგადოებაში, ისე პოლიტიკურ წრეებში. არადა, ყველას უნდა გვცოდნოდა, რომ ვინც ამ ყველაფერს იღებდა, ერთი ეგზემპლარი არ ექნებოდა. ის, რაც აქ დარჩა, დარჩა როგორც გაფრთხილება ხელისუფლებისთვის, რომ მათ ეს კადრები აქვთ. ამიტომ დატოვეს სპეციალურად. ყველა შემთხვევაში, მათთვის იყო ეს მომგებიანი", - განაცხადა ძაბირაძემ.
კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება იდგას კადრების გავრცელების უკან, ძაბირაძე შემდეგნაირად პასუხობს:
„აქ დიდი საფიქრალია რამე? რა ვქნათ ახლა, „ნაციონალური მოძრაობა" არის ისეთი, როგორიც არის. ცდილობს, რომ აქცენტი გადაიტანოს ერთი საკითხიდან მეორეზე. სამწუხაროდ, ამას აჰყვა საზოგადოებაც და შედეგიც სახეზეა. ეს ქმნის კადრების კვლავ გავრცელების წინაპირობას.
საკმაოდ ჭკვიანურად არის ყველაფერი გაკეთებული. ეს რომ ყოფილიყო ხელისუფლების რომელიმე წევრზე, ვიტყოდით, რომ „ნაციონალებმა" გააკეთეს. რომ ყოფილიყო „ნაციონალებზე", დავაბრალებდით ხელისუფლებას. ახლა კი მოიძებნა საშუალო პოლიტიკური ძალა, რომელზეც გაკეთდა აქცენტი. მე მაინც მგონია, რომ ეს იყო ნიადაგის მოსინჯვა, თუ რა რეაგირება მოჰყვებოდა საზოგადოებაში", - განაცხადა ძაბირაძემ.