ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხის გადარგვის სამუშაოების თემა ამ დრომდე აქტუალობას არ კარგავს.
ამ ეტაპზე, გადარგვის კანონიერების დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენამდე სამუშაო პროცესი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით შეჩერებულია.
სამუშაოების მწარმოებელი კომპანია „ზიმოს" დირექტორის, ზურაბ კიკნაძის განცხადებით, ყველა დოკუმენტაცია წესრიგშია. პრობლემა მხოლოდ კერძო მესაკუთრის ნებართვაა, რომელიც ნაკვეთს იმ ტერიტორიაზე ფლობს, სადაც ხე უნდა გატარდეს.
"აჭარის მთავრობისგან ხეების შეძენის დოკუმენტი მაქვს. რკინიგზის დეპარტამენტისგან მაქვს ნებართვა, რომ ამ ლიანდაგის იქით გადავიტან ხეებს. გზების დეპარტამენტი აკონტროლებს ზღვასთან მისვლის საკითხს და მათგან მაქვს უფლება, რომ ეს სამუშაოები შევასრულო. ერთადერთი, რაც არა მაქვს, ეს არის კერძო მესაკუთრისგან ნებართვა, რომელსაც ლიანდაგიდან ზღვის სანაპირომდე ტერიტორია ეკუთვნის. ის არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი კომპანია დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, პანამაში და მეპატრონეს ვერ ვპოულობთ", - აცხადებს კიკნაძე.
როგორც გაირკვა, უცნობი პიროვნება ზღვის სანაპირო ზოლში, თითქმის, 9 ჰექტარ მიწას ფლობს, რომელიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას ერთ ლარად ყოველგვარი პირობების გარეშე გადასცა.
პირდაპირი მიყიდვის წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კომპანია redman federation inc-ს სააკაშვილმა 2011 წლის 3 აგვისტოს მისცა.
დოკუმენტის თანახმად, კომპანიას გადაეცა სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 433 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 391 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი, 27 557 კვ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 199 კვ.მ შენობა-ნაგებობა, 33780 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 28 217 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულები მიწის ნაკვეთი - ეს ყველაფერი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად.
დოკუმენტში არ არის მითითებული ვინ არის კომპანიის მესაკუთრე, ან წარმომადგენელი პირი. ამის გაგება ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან კომპანია პანამაში, ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული. აღნიშნულ კომპანიაზე ინფორმაციის მოძიება გუგლითაც შეუძლებელია.
ამ დრომდე შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმის გარკვევა, რომ კომპანია ციხისძირში თითქმის 9 ჰექტარი მიწის 1 ლარად მიყიდვამდე ორი თვით ადრე 2011 წლის 3 ივნისსაა დარეგისტრირებული.
როგორც „გურია ნიუსმა" გაარკვია, redman federation inc საკუთრების რეგისტრაცია 2011 წლის 5 აგვისტოს საჯარო რეესტრში საჯარო მოხელემ მოახდინა- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის იმჟამინდელმა მოადგილე თინათინ ჩაჩანიძემ.
ჩაჩანიძე ახლა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსია.
ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან საკითხზე გამოძიებაა დაწყებული:
-ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება მთავარ პროკურატურაში პრივატიზების კანონიერების თაობაზე. მეც ვარ მოწმედ დაკითხული და ჩვენებაზე მაქვს ხელი მოწერილი, რომლის თანახმადაც, ინფორმაცია არ უნდა გავცე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ხვალაც დაბარებული ვარ. ამიტომ, ამ საკითხზე ვერ დაგელაპარაკებით, სამწუხაროდ.
-ქალბატონო თინათინ საჯარო მოხელე რა შუაში იყო ამ კომპანიასთან? რატომ დაურეგისტრირეთ საკუთრება უცნობ კომპანიას?
-როგორც გითხარით, მე ვარ მოწმედ დაკითხული ამ საქმეზე და შესაბამისად, არ მაქვს უფლება რაიმე ტიპის კომენტარი გავაკეთო. ამ შემთხვევაში უკვე აღარ წარმოვადგენ უწყებას, არამედ ვარ პიროვნება, რომელიც მოწმედ არის დაკითხული სისხლის სამართლის საქმეზე,- გვითხრა ჩაჩანიძემ, რომლის ინფორმაციით, ამ საკითხზე გამოძიება 2013 წლიდან მიმდინარეობს.
„გურია ნიუსს" ექსკლუზიურად მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ უცნობი კომპანიის უკან შესაძლოა, ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო იდგეს.
წყარო ამტკიცებს, რომ სააკაშვილმა ლუკაშენკოს ზღვისპირეთის მიწები საჩუქრად გადასცა. წყარო არ გამორიცხავს იმას, რომ მიწების ნაწილის მფლობელი მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსიც იყოს, რომელთან დაკავშირება ჩვენ ამ დრომდე ვერ შევძელით.