ავტორი ალა გრიგალაშვილი
„პატრიარქმა გუშინდელი განცხადებით საუკუნით გაუსწრო ნებისმიერ ქართველ პოლიტიკოსს. ეს იყო ილია ჭავჭავაძის დონის განცხადება!" - ასე ეხმაურება ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე უწმინდესის მოწოდებას უვადო პატიმრობის წესის გადახედვასთან დაკავშირებით.
როგორც ხაჭაპურიძემ „რეპორტიორს" განუცხადა, ილია მეორის ინიციატივა იყო დროული, სწორი და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული.
„გაოცებული ვარ... ილია მეორეს, რომელიც პროფესიით იურისტი არაა, მგონი, უკეთესად ესმის იურისპრუდენცია და ევროპული კანონმდებლობა, ვიდრე რომის პაპზე მეტ კათოლიკეებს; ე.წ. ლიბერალური პოლიტიკის მიმდევრებს, რომლებიც, ლამისაა ხალხის დახვრეტას ითხოვენ ტელევიზიების ეთერიდან.
პატრიარქის მიდგომა სწორია და უფრო მეტიც, დროული. რამდენიმე დღის წინ ვნახეთ სიუჟეტი, 87 კაცის მკვლელი ბრეივიკი 3-ოთახიან თანამედროვე საკანშია და კიდევ ითხოვს - გამიუმჯობესეთ პირობებიო. ეს არის ევროპა! ეს არის ცივილიზებული აზროვნება... ჩვენ ამ ღირებულებებისკენ უნდა წავიდეთ. დღევანდელი პარლამენტი ამას არ გააკეთებს, რადგან დაიწყება პოლიტიკური გათვლები და ა.შ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე დადგება დრო, როდესაც საქართველო სამუდამო პატიმრობას ამოიღებს სისხლის სამართლის კოდექსიდან. არ შეიძლება ისეთი მყიფე დემოკრატიის სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, იღებდნენ სამუდამო პატიმრობის განაჩენებს. უნდა მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, 10-15-20 წლის შემდეგ, გადაიხედოს მისი პირადი საქმე. თუ ეს ადამიანი გამოსწორდა, მოინანია, გახდა აბსოლუტურად სხვა ადამიანი, მაშინ მას უნდა მიეცეს საშუალება, იცხოვროს, როგორც ნორმალურმა ადამიანმა. ბევრი შემთხვევაა, როცა პირი მკვლელობის გამო იხდის სამუდამო პატიმრობის სასჯელს, დაზარალებული მხარე პატიობს, ამ დროს სახელმწიფო კატეგორიული წინააღმდეგია ამ ადამიანის მიმართ გარკვეული შეღავათის გაწევის.
თუ ევროპაში შესვლა ველური აზროვნებით გვინდა, მაშინ კი ბატონო, დავტოვოთ ეს ველური კანონები!" - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს პარლამენტსა და ხელისუფლებას უვადო პატიმრობის წესის გადახედვისკენ მოუწოდა.
„ჩვენ გვყავს პატიმრები, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ შეფარდებული, მათ დაკარგული აქვთ ყოველგვარი იმედი, რომ ოდესმე გამოვლენ და დაუბრუნდებიან ოჯახს, საქმეს და სამშობლოს. ჩვენმა პარლამენტმა უნდა იფიქროს ამაზე, რომ უვადო არაფერია ფიზიკურ სამყაროში, უვადო არის მარტო ღმერთი. ესა თუ ის პატიმარი, თუ დაადგა გამოსწორების გზას, შრომობს და აკეთებს სიკეთეს, მას, შესაძლებელია შევუცვალოთ უვადო პატიმრობა და დაუწესდეს გარკვეული ვადა", - განაცხადა ილია მეორემ.