საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილს 70 წლის იუბილეს ულოცავს.
პატრიარქის მისალოც ტექსტს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
როგორც ილია მეორე აღნიშნავს, საპატრიარქო აფასებს რუსეთის ეკლესიის პოზიციას, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ აღიარებს ამ რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას.
მისივე თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება ორივე ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანია.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დაბადებიდან 70 წლისთავს. ყოველთვის, როცა ასეთ თარიღებს აღვნიშნავთ, ანალიზს ვუკეთებთ ხოლმე განვლილ გზას და ყურადღებით ვიხედებით მომავლისკენ.
მახსოვს, ჩემი ინტრონიზაციის დღეს მოვიდა ერთი ბრძენკაცი და მითხრა: უფალმა მძიმე ჯვარი გარგუნა და რომ შეიმსუბუქო იგი, მოიხსენიე თქვენი მეფეები და პატრიარქები და ისინი მოგეხმარებიან.
მას შემდეგ ვასრულებ ამ რჩევას და მუდამ ვგრძნობ მათ შეწევნას. თქვენო უწმინდესობავ, დაე, თქვენც შეგეწიონ რუსეთის მიწის მეფენი და პატრიარქნი!
თითქმის ორმოცწლიანმა ჩემმა მოკრძალებულმა პატრიარქალურმა მსახურებამ დამანახა, რომ კარგ შედეგს ვიღებთ, თუ გვაქვს ერთმანეთის მოსმენისა და სხვათა აზრის გაზიარების უნარი. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მინდა თქვენს წინაშე დავაყენო პრობლემა ცხინვალის და ცხუმ-ახაზეთის ეპარქიისა.
როგორც იცით, თერთმეტი წლის განმავლობაში მე ვიყავი ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთის და იქ კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. ჩვენთან ასევე მუდამ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ოსები.
ჩვენ ვაფასებთ რუსეთის ეკლესიის პოზიციას, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ აღიარებს ამ რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას. იგივე მტკიცედ ითქვა 19 ნოემბრის ჩვენს შეხვედრაზეც.
რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება ორივე ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანია; ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს.
ვფიქრობ, საქართველო უნდა იყოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მშვიდობიანი თანამშრომლობის ადგილი, ადგილი კეთილმეზობლობისა. დაპირისპირება კი ძალიან საშიშია და შეიძლება გლობალურ კონფლიქტში გადაიზარდოს.
მართალია, ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები და არ ძალგვიძს ამ სფეროში სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, პროცესებზე გავლენის მოხდენა მეტ-ნაკლებად შესაძლებელია.
აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ დღეს, როდესაც კაცობრიობა მრავალი და ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, თქვენი გონიერება, ფართო დიაპაზონი, ღვთითბოძებული ტალანტი მქადაგებლისა, ყველასთვის დიდად ფასეულია. თქვენს მწყემსმთავრულ სიტყვას ყურს უგდებენ მილიონობით ადამიანები, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც ეხმარება მათ ცხოვრების სწორი ორიენტირის პოვნაში.
თქვენ, ჯერ კიდევ 23 წლის ახალგაზრდამ, თავი მიუძღვენით ღმერთს და მას შემდეგ თქვენი მთელი ცხოვრება ეს არის მსახურება მოყვასისათვის. თქვენი გზა არასოდეს ყოფილა იოლი, მაგრამ ახლა თქვენი ჯვარი უფრო მძიმეა და საპასუხისმგებლო, თუმცა ამასთან ერთად დიდად საპატიოც.
გეწეოდეთ უფალი თქვენს მაღალ მსახურებაში და როდესაც გადახედავთ თქვენს განვლილ გზას, შეგეძლოთ თქვათ: ტვირთი ღვთისა სუბუქ არს და უღელი მისი ტკბილ.
გისურვებთ ჯანმრთელობას, რათა კვლავაც დაუღალავად იმსახუროთ რუსეთის ეკლესიისა და სრულიად მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ", - აღნიშნავს ილია მეორე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.