პირადი ცხოვრების უკანონოდ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ახალი გარემოება იკვეთება, რომელმაც შესაძლოა, დანაშაულში ჩართული პირები გამოავლინოს. „პრაიმტაიმისთვის" ექსკლუზიურად ცნობილი ხდება სკანდალური სქემა, რომელსაც წინა ხელისუფლების პერიოდში არსებული სპეცსამსახურები ეფექტურად იყენებდნენ პირადი ცხოვრების მაკომპრომეტირებელი მასალების მოსაპოვებლად. ამ სკანდალური სქემის მიხედვით, დანაშაულში ჩართული იყვნენ ცნობილ პოლიტიკოსებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან ინტიმურ ურთიერთობაში მყოფი პარტნიორები. „პრაიმტაიმმა" აღნიშნული ინფორმაცია ფარულ მიყურადებაში ბრალდებული პირისგან მოიპოვა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მათ მიერ წინასწარ გამიზნულად ხდებოდა მსხვერპლის შერჩევა, შემდეგ მისი პარტნიორის გადმობირება და მასთან შეთანხმებით სექსუალური აქტის გადაღება. როგორც გამოძიების მიერ ადრე ითქვა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრი რამდენიმე ათასიდან 100-მდეა.
„პრაიმტაიმი" წყაროს არ ასახელებს, რადგან ის აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან და შესაძლოა, მისი ვინაობის გამხელა ძიებისთვის ხელშემშლელ ფაქტორად იქცეს.
- რა პერიოდში გიწევდათ მუშაობა სამხედრო პოლიციაში და ვისი მითითებით აგროვებდით პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას?
- სამხედრო პოლიციაში მეგის ქარდავას დროს ვმუშაობდი და მისივე ბრძანებით შეიქმნა სამსახური, რომელიც ფარულ მიყურადებასა და კომპრომატების შეგროვებას უზრუნველყოფდა. ჩვენ უშუალოდ გვევალებოდა ინფორმაციის მოძიება პოლიტიკოსებზე. ასევე, სექსუალური უმცირესობისა და შოუბიზნესის წარმომადგენლებზე. საუბარია პირად ცხოვრებაზე. ამის შემდეგ ეს ინფორმაცია მუშავდებოდა და უშუალოდ მათ პარტნიორებზე გავდიოდით. შემდეგ ხდებოდა „დავერბოვკება". ამის შედეგ უკვე სხვა სამსახური ერთვებოდა და ჩანაწერი კეთდებოდა.
- ანუ, უშუალოდ თქვენ არ იწერდით ამ კადრებს?
- არა, ჩვენ, ვინც ამ საქმეზე დაგვაკავეს, მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება და გადმობირება გვევალებოდა.
- შეიძლება ითქვას, რომ უკანონო ჩანაწერი იმ პარტნიორთან შეთანხმებით ხდებოდა, ვინც სექსუალურ აქტს ამყარებდა?
- 90 პროცენტ შემთხვევებში ასე ხდებოდა, სხვანაირად ეს შეუძლებელიც იქნებოდა, ყველგან კამერების დაყენებასა და ჩაწერას ფიზიკურად ვერავინ განახორციელებდა, თუმცა იყო ადგილები, ალბათ, სადაც გამიზნულად ყენდებოდა ეს აპარატურა. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში პარტნიორების გადმობირების შედეგად კეთდებოდა ჩანაწერი.
- ანუ ისინი თანამშრომლობდნენ სპეცსამსახურებთან?
- შეიძლება ასეც ითქვას. მოკლედ, ყველაფერი იცოდნენ.
- როგორ ხერხდებოდა მათი გადმობირება?
- ხშირად იძულებით, მათზე არსებული ინფორმაციის სანაცვლოდ, ზოგ შემთხვევაში გარკვეული პრივილეგიების შეთავაზების შედეგად.
- როგორც ცნობილია, მეგის ქარდავას მიერ ჩამოყალიბებული ეს სპეცსამსახური უშუალოდ მის მიერ იმართებოდა და ვიდეომასალები მას ჰქონდა. თქვენი ინფორმაციით, მან გაიტანა ქვეყნიდან ეს ფირები?
- ამაზე ვერ გიპასუხებთ. როგორც გითხარით, ჩვენ გვევალებოდა ინფორმაციის მოძიება პირადი ცხოვრების შესახებ, ვიდეოგადაღებას ჩვენ არ ვახორციელებდით. ჩვენ რაც გვევალებოდა, ამის შესახებ გამოძიებასთან ვითანამშრომლეთ.
სამხედრო პოლიციაში არსებული სპეცსამსახურის მიერ უკანონო თვალთვალისა და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების მოპოვების ფაქტზე გამოძიება მთავარმა პროკურატურამ ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში დაიწყო, საქმის მასალებში დევს „ელგებეტე" პირების მაკომპრომეტირებელი მასალები. გამოძიების ვერსიით, სპეცსამსახურები გადაღებას კონსპირაციულ ბინაში ახორციელებდნენ. ძიების ინფორმაციით, ამ უკანონო საქმიანობაში ჩართული იყო რამდენიმე პირი, რომლებსაც გამიზნულად აჰყავდათ პარტნიორები კონსპირაციულ ბინაში და მათთან სექსუალურ კავშირს ამყარებდნენ. მოგვიანებით კი ეს ჩანაწერები მეგის ქარდავას ხელში ხვდებოდა.
აღნიშნულ საქმეს ზედამხედველობას თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილის უწევდა. „პრაიმტაიმთან" საუბარში მწარიაშვილი აცხადებს, რომ პირები, რომელთა გადაბირებასაც სპეცსამსახურები ახორციელებდნენ, იძულებით იყვნენ ჩართულები დანაშაულში და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდნენ.
რაც შეეხება ბოლო დღეებში გავრცელებულ მაკომპრომეტირებელ ვიდეომასალებს, სადაც ცნობილი პოლიტიკოსები ფიგურირებენ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ შემთხვევაშიც დანაშაულში მათი პარტნიორები იყვნენ ჩართულები, თუმცა ეს იყო იძულებით თუ გარკვეული პრივილეგიების საფასურად ჩადენილი დანაშაული, ამის დადგენა გამოძიებას მოუწევს.
ირაკლი მამალაძე