„ვაშინგტონ პოსტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესმა შესაძლოა ხელი შეუშალოს რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკას.
ამერიკული გამოცემა მიუთითებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის გეგმამ -კიდევ ერთხელ გადატვირთოს ურთიერთობა რუსეთთან, ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია.
„დაწყებული ბრძოლა პირველი გამოცდა იქნება იმის, შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი ამერიკის საგარეო პოლიტიკის ისთებლიშმენტის სურვილების საწინააღმდეგოდ შემობრუნებას. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებასთან საერთო ინტერესს გამონახავდა. ამავდროულად, ტრამპმა ეჭვი გამოთქვა იმ ბრალდებების ავთენტურობასთან დაკავშირებით, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში კრემლის წინააღმდეგ იყენებდნენ, მათ შორის ამერიკის წამყვან პოლიტიკურ ორგანიზაციებზე კიბერთავდასხმასა და ამერიკის საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობაზე. ახლა, როდესაც ტრამპი თეთრი სახლის ლიდერად აირჩიეს, კანონმდებლები და რუსეთის საკითხების მიმომხილველები შიშობენ, რომ ტრამპის გუნდი რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ცვლილების იმპლემენტაციას მოახდენს, რაც რუსეთს არა მხოლოდ გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, არამედ ამერიკისა და მისი ევროპელი მოკავშირეების ინტერესებს მსხვერპლად შეწირავს. რუსეთთან ურთიერთობების დათბობის მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლა ვაშინგტონში გასულ კვირას დაიწყო, როდესაც სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონ მაკ-კეინმა ტრამპის გეგმას - სირიის საკითხებთან დაკავშირებით პუტინის ადმინისტრაციასთან ითანამშრომლოს, მიუღებელი უწოდა და ახლო აღმოსავლეთში მოსკოვის მიერ ჩადენილი არაადამიანური ქმედებების გამო პრეზიდენტის მომავალ ადმინისტრაციას კრემლთან კონფრონტაციულ რეჟიმში დარჩენა საჯაროდ მოსთხოვა", - ნათქვამია „ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში.
სტატიაში მოყვანილია რესპუბლიკური პარტიის წევრის ლინდი გრემის ციტატაც: „ჩემი შეხედულება არ შეცვლილა მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა გაიმარჯვა, რუსეთი მსოფლიოში ცუდი აქტორია და მისი შეჩერება აუცილებელია".
სანამ ტრამპის ინაუგურაცია მოხდება, მაკ-კეინი და გრემი კონგრესის დელეგაციას უკრაინაში, საქართველოსა და ესტონეთში უხელმძღვანელებენ და შეეცდებიან ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას, რომ ვაშინგტონი რუსეთის აგრესიას მომავალშიც არ შეურიგდება.