logo_geo
eng_logo
სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

21 ნოემბერი. 2016. 17:23


 

 

 

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გელა ხუციშვილი დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  მუხლით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.



სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 5 აგვისტოს, ღამით, ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გელა ხუციშვილმა თანასოფლელ თინათინ ხოდაშნელიშვილთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით განიზრახა მისი მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გელა ხუციშვილი მივიდა თინათინ ხოდაშნელიშვილთან სახლში და  ბლაგვი საგნის მრავალჯერადი დარტყმებით მიაყენა სხეულის დაზიანებები, შემდეგ გაგუდა და გვამი  ეზოში მდებარე მარანში არსებულ ქვევრში დამალა. გვამის გადამალვის შემდეგ, გელა ხუციშვილი თინათინ ხოდაშნელიშვილის სახლში დაბრუნდა, მსხვერპლის საწოლს ცეცხლი წაუკიდა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა თინათინ ხოდაშნელიშვილის კუთვნილ „Hobile X3" მოდელის მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 



სამართალდამცველებმა გელა ხუციშვილი 10 აგვისტოს სოფელ შაქრიანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა) წარედგინა.



თელავის რაიონულმა სასამართლომ  გელა ხუციშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10  წლის ვადით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner