შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა „ასავალ-დასავალთან" „ჭკვიან კამერებზე" ისაუბრა, რომლის დამონტაჟებასაც სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კამერებიდან მიღებული მონაცემების დამუშავებასა და შენახვაზე პასუხისმგებელი შსს იქნება.
„ძალიან მალე დამნაშავეთა სამყაროსაგან ქართველ საზოგადოებას პოლიციელებთან ერთად „ჭკვიანი კამერებიც" დაიცავენ! მათ ჩვენ დავაყენებთ ხალხის თავშეყრისა და სხვა სტრატეგიულ ადგილებში, მაგისტრალებზე, მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებში. ისინი ჩართული იქნებიან ერთ ქსელში და პირდაპირი წვდომის რეჟიმში დაუკავშირდებიან ერთობლივი ოპერაციების ცენტრს. კამერებიდან მიღებული მონაცემების შენახვაზე, დამუშავებასა და დაცვაზე პასუხისმგებელი იქნება შსს, ამის მიუხედავად, პროექტი განხორციელდება თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციაში.
უკვე დავასრულეთ დაგეგმვის პროცესი, თუ რომელი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს და დავაზუსტეთ კამერების დამაგრების ადგილებიც", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.