„სააკაშვილი დამნაშავეა, საქართველოში იძებნება, ამიტომ უკრაინის პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა გადასცეს საქართველოს, მე ვფიქრობ, რომ ის სასჯელს იმსახურებს", - ამის შესახებ ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა ვლადიმერ ვარეშენკომ "პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს სამშობლოში და ხალხი და სამართალი მას უნდა მოექცეს ისე, როგორც ის ამას იმსახურებს.
ვარეშენკოს თქმით, ის და მისი თანამოაზრეები მიმართავენ უკრაინის პრეზიდენტს სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით.
ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა სააკაშვილის ოდესაში მმართველობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი მხოლოდ ფულის დატაცებით იყო დაკავებული და არანაირი რეფორმა არ გაუტარებია. ვარეშენკოს თქმით, არ შესრულებულა არც ერთი პროექტი, დამძიმდა სოციალური ფონი, არ შეკეთებულა გზები. რაც შეეხება, კრიმინოგენურ სიტუაციას, ვარეშენკოს თქმით, რაც პოლიციის უფროსად სააკაშვილის გუნდის წევრი გია ლორთქიფანიძე დაინიშნა, რეგიონში დანაშაული გასამმაგდა.
ვარეშენკო სააკაშვილის ახალ პოლიტიკურ გეგმებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ გზით იგი ცდილობს „საკუთარი ძალის ჩვენებას და ხალხის დაშინებას".
რაც შეეხება სააკაშვილის თანამოაზრე იულია ტიმოშენკოს, „ტიმოშენკო და სააკაშვილი ორივე ამბიციური ადამიანია და მალე გამომჟღავნდება, რომ ტიმოშენკოც ქურდი და ბანდიტია", - აღნიშნა ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა და აღნიშნა, რომ მას არ ეშინია, რადგან აქვს მისი დანაშაულების მტკიცებულებები.
„მე მისი არ მეშინია, რადგან მაქვს მტკიცებულებები, რომ დამნაშავეა", - განაცხადა ვარეშენკომ.