იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემა 2030-ში, განცხადა, რომ „მრეწველთა" წარმომადგენლის მხარდაჭერა „ქართული ოცნების" მხრიდან კარგი ნაბიჯია.
„მით უფრო - თუ ეს პარტია ასევე მიიღებს შესაძლებლობას, კანონის თანახმად გარკვეული მხარდაჭერა ჰქონდეს. ეს „თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არ არის. „მრეწველების" გაძლიერება „თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ ბრძოლას არ ნიშნავს და ეს მათ ძალიან მარტივად უნდა გაიგონ. თუ „თავისუფალი დემოკრატები" კანონით გარკვეულ უპირატესობებს დაკარგავენ, რაც ჰქონდათ, ეს კანონის დათქმაა და არა ვინმეს პოლიტიკური რევანში", - განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ნატო ჩხეიძის დანიშვნასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„როცა ერთ მხარეს არის „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან წარმოდგენილი კანდიდატი, ბატონი ოთარ კახიძე, მეორე მხარეს კი - ასევე ოპოზიციური პარტიის კანდიდატი, ქალბატონი ნატო ჩხეიძე, ამ არჩევანის დროს განმსაზღვრელი რამდენიმე ფაქტორია ქალბატონ ნატოს საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება აქვს და ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე, ის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძოდა, რადგან მისი ოჯახი რეპრესირებულთა შორის იყო. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, როცა მეორე მხარეს არის ადამიანი, რომელიც რეპრესიული სისტემის შემქმნელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. გარდა ამისა, ქალბატონ ნატო ჩხეიძის შემთხვევაში დაცული იქნება გენდერული ბალანსი, რადგან უმრავლესობიდან, კომიტეტის თავმჯდომარის მეორე მოადგილე სავარაუდოდ, მამაკაცი იქნება. ასე რომ, ჩვენი და „პატრიოტთა ალიანის" ფარული კავშირების შესახებ ლეგენდების შექმნა გონივრული არ არის და ღიმილისმომგვრელია", - განაცხადა ბესელიამ.