შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა ლატვიაში, ქალაქ რიგაში, კორუფციის წინააღმდეგ ევროპელი პარტნიორების გაერთიანების (EPAC) ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციაზე საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის EPAC-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართა. დამსწრე წევრებმა აღნიშნულ ორგანიზაციაში გენერალური ინსპექციის გაწევრიანებას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის EPAC-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის კუთხით მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის, ანგარიშვალდებულების, საზედამხედველო ფუნქციების გაზრდის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და ეფექტური საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის უზრუნველსაყოფად.
EPAC-ი 2004 წელს დაარსდა. იგი დამოუკიდებელ, არაფორმალურ ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ანტიკორუფციულ და საპოლიციო საქმიანობაზე ზედამხედველობის 60-ზე მეტ სამსახურს აერთიანებს. გაერთიანების წევრები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, ერთობლივი სტრატეგიებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების შექმნაზე მუშაობენ. EPAC-ი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს სისტემატურად მართავს და ყოველწლიურ კონფერენციას ატარებს.