საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 12-13 ნოემბერს ტელეჟურნალისტებისთვის კონფერენცია გაიმართა „ლოპოტა სპა რეზორტში", რომლისთვისაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 23 ათასი ლარი გამოიყო.
ორდღიან კონფერენციას, თემაზე - „თანამედროვე საქართველოს დემოკრატიული განვითარება და პოლიტიკური რეალობა - პერსპექტივები და გამოწვევები" 22 ჟურნალისტი დაესწრო.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ „ნეტგაზეთს" სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ კონფერენციის ორგანიზატორი პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პირადად თვითონ იყო.
„სპიკერები იყვნენ ანა ნაცვლიშვილი, კოტე ჩოკორაია, დავით ჯანდიერი. ასევე, პრეზიდენტის მრჩევლები: ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი", - განუცხადა ეკა მიშველაძემ „ნეტგაზეთს".
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ტელევიზიებში დასაქმებული ჟურნალისტები.