გერმანულ გაზეთ „ველტ"-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი საუბრობს თავის საქმიანობაზე 2014 წლიდან, როცა იგი უკრაინის მთავრობის მეთაური იყო. მას ლანძღავდნენ, აკრიტიკებდნენ... ბოლოს მან პრემიერის პოსტი დატოვა კორუფციაში ბრალდების გამო. დღეს არსენ იაცენიუკი პარტია „სახალხო ფრონტის" თავმჯდომარეა. მას ჟურნალისტი რიჰარდ ჰელცინგერი ესაუბრება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
კითხვა: - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამასწინათ ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან გადადგა. იმავდროულად მან მკვეთრად გააკრიტიკა პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და განაცხადა, რომ იგი გავლენიან ოლიგარქებს მფარველობს და ეხმარებაო...
- ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს პოპულისტის ფენომენთან. როცა პოპულისტები ატყობენ, რომ მარცხდებიან, ისინი ყოველთვის ეძებენ თავის გამართლების საშუალებას, განტევების ვაცს და თავიანთ შეცდომებს სხვას გადააბრალებენ ხოლმე. მაგრამ პოლიტიკოსის ამოცანა იმაში კი არაა, რომ დაპირებები მარჯვნივ და მარცხნივ არიგოს და საკუთარი თავი სამართლიანობისათვის, კეთილდღეობისა და თავისუფლებისთვის დიდ მებრძოლად წარმოადგინოს, არამედ იმაში, რომ მოსახლეობას თავისი მუშაობის რეალური შედეგები აჩვენოს. აი, ამაში [მიხეილ სააკაშვილმა] წარუმატებლობა განიცადა. საერთოდ, მასზე ლაპარაკი ახლა დროის ტყუილად დახარჯვა იქნებოდა. დემაგოგები, პოპულისტები და პოლიტიკური კლოუნები ყველა ქვეყანაში არსებობენ და უკრაინა ამ მხრივ გამონაკლისი არ არის.