2017 წლის სექტემბერში საქართველო აზერბაიჯანთან ერთად ქალ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს.
ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით, 22 ნოემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" ევროპის ფრენბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციას შორის ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრ ბორიჩიჩმა და საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ირაკლი ჩაჩუამ. ხელშეკრულების გაფორმებას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მხარეები ბაქოში გაემგზავრნენ, სადაც ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით ოფიციალური შეხვედრები და მიღებებია დაგეგმილი.
23 ნოემბერს გაიმართება შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ხოლო 24 ნოემბერს შედგება ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა, სადაც საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქეები გაირკვევა.
ევროპის ჩემპიონატზე სულ 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, თბილისი B ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ქალთა ნაკრები ითამაშებს. შეხვედრები ახალ სპორტის სასახლეში 2017 წლის 20-23 სექტემბერს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაცია მსოფლიოს 160 ქვეყანაში განხორციელდება.