logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: გამოიკვეთა კლინიკები, რომლებსაც მატერიალური მოგების მიღების სურვილი ამოძრავებთ
- +

22 ნოემბერი. 2016. 22:33



ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ ჯანდაცვის სფეროს ერთი სპეციფიკა ახასიათებს, თუ მასში რეფორმის მასშტაბის გაუმჯობესება მუდმივად არ შეგაქვს, სისტემა აუცილებლად უკან დაიხევს.  მისი თქმით, 4 წლის განმავლობაში გამოიკვეთა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის როგორც მიღწევები, ასევე ხარვეზები.


„4 წლის განმავლობაში მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის, ვინც სამედიცინო დახმარებით ვერ სარგებლობდა, ეს საშუალება გაგვეჩინა, რაც შევძელით კიდეც. მომავალი 4 წლის მთავარი, სტრატეგიული გამოწვევა კი, ამბოლატორიული პაციენტებისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ჯანდაცვის ხარისხი და სამედიცინო დახმარების განფასების ახალი სისტემის შექმნაა.

 

თუ იდეალურ ჯანდაცვის სისტემაში პაციენტების 80%-ს პრობლემას ოჯახის ექიმი უნდა უგვარებდეს, ხდებოდეს დავაადებების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და პრევენცია, ჩვენს შემთხვევაში ეს პარიტეტი პირიქითაა და პაციენტების 80% პირდაპირ სტაციონარს მიმართავს, რაც ალოგიკურია პირველ რიგში პაციენტის ჯანმრთელობის, ასევე ხარისხის და დანახარჯების გამო. მეორე ეს სამედიცინო მოვლის ხარისხია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მედპერსონალი  უხარისხოდ მუშაობენ. საქმე იმაშია, რომ სამედიცინო მოვლა დღეს არა მხოლოდ ექიმისა და ექთნის, თუნდაც სამედიცინო აღჭურვილობის საკითხი გახდა, არამედ ეს არის რთული ბიზნესპროცესი, რომელსაც კარგი ორგანიზება სჭირდება. გამოიკვეთა სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ამოცანებს თავს წარმატებით ართმევენ და ასეთი უმრავლესობაა. თუმცა, გამოიკვეთა კლინიკები, რომლებსაც მატერიალური მოგების მიღების სურვილი ამოძრავებთ, რასაც პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის ხარჯზე აკეთებენ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა მიწვდომადობა, რაც ყველგან თანაბარი არ არის. მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს სისტემა, სადაც სახელმწიფოს მიერ აბსოლუტურად ყველა სამედიცინო საჭიროება იფარება.



„რა თქმა უნდა, დედაქალაქში, მცირე ქალაქებსა და სოფელში სამედიცინო მოვლა ერთი დონის ვერ იქნება, მაგრამ განსხვავება მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის დანახარჯები, რაც მთელ მსოფლიოში ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რადგან ტექნოლოგიები და პროცესები ვითარდება, მაგრამ ჩვენთან აშკარად გამოიკვეთა ტენდენცია, როცა კლინიკები თუ კლინიკების ქსელი ცდილობს, მატერიალური ხეირი არაკეთილსინდისიერად მოიპოვოს. ჩვენი შესაბამისი სამსახურები კლინიკების კონტროლს ახორციელებენ, მაგრამ რეგულაციებს კიდევ უფრო დახვეწა სჭირდება.

 

 

ჩვენს შემთხვევაში გადაუდებელი შემთხვევები 100%-ით იფარება, გეგმიური ოპერციები კი 70-80%-ით. თანაგადახდა მხოლოდ ფინანსური შეკავების მექანიზმი არ არის. სამწუხაროდ, ეს არასაჭირო ოპერაციებისა და გამოკვლევების შემაკავებელი ფაქტორია. სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ამ თანაგადახდის პროცენტში მნიშვნელოვან მხარდაჭერას უკეთებენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სოციალურად დაცული მოსახლეობისთვის კი, უმრავლეს შემთხვევაში ეს თანხა მისაწვდომია", - განაცხადა სერგეენკომ.


როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, არსებობს სამოქმედო გეგმა, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტთან შეთანხმებულია და თუ პარლამენტი მთავრობას დაამტკიცებს, ამ გეგმის განხორციელება მყისიერად, პირველივე დღიდან დაიწყება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner