logo_geo
eng_logo
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- +

23 ნოემბერი. 2016. 00:06



23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს.  ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინება.


წმინდა გიორგი კაპადოკიელი დიდებული იყო, რომელიც რომის ლაშქარში მსახურობდა და თავის სიმამაცით იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღება მიუპყრია. მალე მისი პირადი მცველი და შემდეგ მისი მხედართმთავარიც გამხდარა. გიორგიმ მეფის წინაშე კერპთაყვანისმცემლობა დაგმო და ქრისტიანობა იქადაგა.


დიოკლეტიანემ როცა მისი გადაბირება ვერ შეძლო, მუცლის ლახვრით განგმირვა ბრძანა. ლახვარი წმინდანის ხორცის შეხებისას სანთელივით მოიდრიკა. ამის შემდეგ დიოკლეტიანემ წმინდა გიორგი ურმის თვალზე დააკვრევინა, დაღმართზე კი მახვილები დააგებინა, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაჭრა, თუმცა ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. ქრისტიანობა მეფის მეუღლე ალექსანდრიამაც ირწმუნა და დიოკლეტიანეს წინაშე უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მეფემ წმინდა გიორგის და ალექსანდრია დედოფლის სიკვდილით დასჯა ბრძანა. წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს, ხოლო ალექსანდრიამ ლოცვის შემდეგ უმახვილოდ განუტევა სული.


ქრისტიანობისათვის წამებულ წმინდა გიორგის III-IV საუკუნეებიდან თაყვანს სცემენ არა მარტო მართლმადიდებლები, არამედ სხვა აღმსარებლობის მორწმუნეები. წმინდა გიორგის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში - ყურანშიც კი მოიპოვება. საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე ქვეყნის ყველა კუთხეში არაერთი სალოცავი შენდებოდა და შენდება. თბილისში წმინდა გიორგის სახელობის 20-მდე ეკლესიაა. სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან განსხვავებით, გიორგობას მხოლოდ საქართველოში ზეიმობენ წელიწადში ორჯერ, რაც დიდმოწამისადმი პატივისცემისა და თაყვანისცემის ერთ-ერთი გამოხატულებაა. წმინდა გიორგის განსასვენებელი იერუსალიმის მახლობლადაა. წმიდა გიორგის სასწაულთაგან ყველაზე გამორჩეულია მის მიერ გველეშაპის განგმირვა, რის გამოც ქრისტიანულ სამყაროში ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების სიმბოლოდაა აღიარებული.  


წმინდა გიორგის საფლავი მდებარეობს წმინდა მიწაზე, წამების შემდეგ იგი დაკრძალულია ქალაქ ლოდში.

მეოთხე საუკუნეში საფლავზე ბიზანტიური ტაძარი აიგო, მაგრამ მეშვიდე საუკუნეში, სპარსების შემოსევის შემდეგ, ეს ტაძარი დაინგრა.


მეთერთმეტე საუკუნეში ბიზანტიური ეკლესიის ნარჩენებზე აშენდა ახალი ტაძარი ჯვაროსნების მიერ, მაგრამ ეს ტაძარიც ასევე მეცამეტე საუკუნეში დაინგრა ბოლომდე და მის ადგილზე ააშენეს მეჩეთი, რომელიც დღესდღეობითაც ითვლება მთავარ მეჩეთად ლოდში.


მიუხედავად ამისა, 1871 წელს თავიდან აშენდა ახალი მართლმადიდებლური ტაძარი წმინდა გიორგის საფლავზე. ამ ეკლესიაში იმყოფება წმინდა გიორგის საფლავი.



 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner